18 აპრილი 2024,   10:44
ვრცლად
ირანი სამხედრო ლიდერს გამოეთხოვა - მსოფლიომ პირდაპირ ეთერში ნახა ქვეყნის უმაღლესი ლიდერის ცრემლები

უკვე 12 საათზე მეტია, ირანელი გენერლის დაკრძალვა მსოფლიო მედიით პირდაპირ ეთერში გადაიცემა. მსოფლიომ პირდაპირ ეთერშივე ნახა ირანის უმაღლესი ლიდერის ცრემლები და მოისმინა მოკლული გენერლის ქალიშვილის მუქარა.

"ამერიკასა და ისრაელს შავი დღეები ელის, შეშლილო ტრამპო, ნუ გგონია, რომ მამაჩემის სიკვდილით ყველაფერი დამთავრდა,"- აცხადებს ზეინაბ სოლეიმანი.

ყასემ სოლეიმანის ცხედარი დილით თეირანში მეჩეთში დაასვენეს, ლოცვის შემდეგ მოკლულ გენერალს ირანის არმიის ელიტური დანაყოფის "ყუდსის" ახალი მეთაური გამოეთხოვა, სოლეიმანის ცხედართან ისმაილ ღაამმა შურისძიების პირობა დადო.

"ყოვლისშემძლე ღმერთმა პირობა მოგვცა, რომ შურს იძიებს, ღმერთი მთავარი შურისმაძიებელია, ჩვენ მზად ვართ ვიმოქმედოთ, სოლეიმანი მოწამეა,  ჩვენ მის გზას ვაგრძელებთ, ღმერთის დახმარებით ამერიკას რეგიონს დავატოვებინებთ,"- განაცხადა ისმაელ ღაანმა.

პროცესიამ შიიტების წმინდა ქალაქ ქომში გადაინაცვლა, სადაც გენერალი დღის ბოლოს გაადაასვენეს.

"ოდესმე გინახავს ადამიანების ამხელა ზღვა, დონალდ ტრამპო?"- ასე მიმართა სოციალურ ქსელში ამერიკის ლიდერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი კი ირანს არაპროპორციული ძალით და მკაცრი სანქციებით ასევე "ტვიტერის" საშუალებით დაემუქრა.

"თუ ირანი ამერიკის რომელიმე მოქალაქეზე, ან ობიექტზე იერიშს მიიტანს, შეერთებული შტატების პასუხი იქნება სწრაფი და არაპროპორციული, ამისათვის ოფიციალური მიმართვა საჭირო არ არის, თუმცა კონგრესი მიმართვას მიიღებს,"-განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის შეჩერებას ცდილობენ ოპონენტები ვაშინგტონში. კონგრესში უკვე მზადდება რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც ამერიკის ლიდერი ირანში სამხედრო მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ვეღარ მიიღებს. 

ირანის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ერაყის ანტიტერორისტული შეთანხმებიდან გასვლა. ოფიციალურმა ბაღდადმა ამერიკელ ჯარისკაცებს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. ტრამპი სამხედროების გაყვანას არ აპირებს, ერაყში კი მეორე დღეა, თავს ესხმიან შეერთებული შტატების საელჩოს და ამერიკის სამხედრო ბაზას. დღეს ე.წ მზვანე ზონაში 5 რაკეტა აფეთქდა. შექმნილი ვითარებით შეშფოთებულია ნატო. დღეს ალიანსში საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა, 29 ქვეყნის ელჩმა ამერიკის წარმომადგენელს მოუსმინა.

კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების მომხრეა გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი. სამივე ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გართულების საფრთხის გამო კრიზისში ჩართულ მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ. ევროპის ქვეყნების ლიდერებს უკვე ესაუბრა თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი.

ახლო აღმოსავლეთში სამხედრო გემები გააგზავნა ბრიტანეთმა, რეგიონში საკუთარი ფლოტის დასაცავად თავდაცვის ძალები ჩაჰყავს იაპონიას. ერაყმა, ისრაელმა და საუდის არაბეთმა არმია საბრძოლო მზადყოფნაში გადაიყვანა. ახლო აღმოსავლეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის ბრძანებით ბაღდადში ირანის საგარეო პოლიტიკის არქიტექტორი და სამხედრო ლიდერი მოკლეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები