26 დეკემბერი 2024,   15:22
ვრცლად
ყველას ვერ მოატყუებენ, დასრულდა ჩვენი დასავლელი პარტნიორების სიცრუეში შეყვანა - ოთარ კახიძე

საქართველო-ევროკავშირის კომიტეტში რეზოლუციის ჩავარდნის საკითხი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის შეშფოთებისა და ხელისუფლების კრიტიკის საფუძველი გახდა. 

ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის ოთარ კახიძის განცხადებით, ევროპარლამენტმა საქართველოს ხელისუფლების თავხედობას პასუხი გასცა. 

"ტექსტიც და კენჭისყრის შედეგებიც ცნობილია. სწორედ ეს ტექსტები ჩაუგდეს ევროპარლამენტარებს და შემდგომ უთხრეს, რომ მიეღოთ რეზოლუცია შესწორებების გარეშე, რადგან ქვეყანაში ყველაფერი კარგად არისო.

ევროპარლამენტმა კი ამ თავხედობას პასუხი გასცა და პირველად საქართველო-ევროკავშირის ისტორიაში, საერთო დეკლარაცია ჩავარდა. ყველას ვერ მოატყუებენ, დასრულდა ივანიშვილის მხრიდან ჩვენი დასავლელი პარტნიორების სიცრუეში შეყვანა. მათ იციან სიმართლე და ქართული დემოკრატიისა და საზოგადოების გვერდით არიან," - განაცხადა ოთარ კახიძემ.

თინათინ ბოკუჩავას განცხადებით კი, საერთაშორისო პარტნიორისთვის უკვე ნათელია, ვინ აყენებს საფრთხის ქვეშ საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობას.

"ვინ აყენებს საფრთხის ქვეშ საქართველოს ურთიერთობას ევროკავშირთან, ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორისთვის უკვე ნათელია. მათ სწორედ ამიტომ დაიწყეს ასე ღიად საუბარი იმაზე, რომ საჭიროა ქვეყანაში ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება და ის, რომ ხელისუფლების სათავეში მოვიდეს ნორმალური, დემოკრატიული, პროდასავლური კოალიციური ჯგუფი," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივანმა თინათინ ბოკუჩავამ.

პოლიტიკური დევნა, ოპოზიციაზე თავდასხმები - რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე რეზოლუციის ჩავარდნაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ ფაქტს ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციას აბრალებენ. 

"უკვე ყველა ჩვენი დასავლელი პარტნიორი ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური დევნა. დღეს გვესმის თავდასხმები ოპოზიციაზე, თითქოს ჩვენი ბრალი იყოს, რომ დოკუმენტი ჩავარდა. სინამდვილეში ის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, თავიდან ბოლომდე "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაა. ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან უკვე ყოველ საათში ვიღებთ კრიტიკულ შეფასებებს," - აღნიშნა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია გუშინ მას შემდეგ ჩავარდა, რაც დოკუმენტის ტექსტზე ევროპარლამენტარები, "ქართული ოცნება" და ოპოზიცია ვერ შეთანხმდა. ევროპარლამენტარების ნაწილი და ქართული ოპოზიციის წევრები დოკუმენტში ისეთი საკითხების შეტანას ითხოვდნენ, როგორიცაა გიგი უგულავას დაკავება, 20 ივნისის მოვლენები და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა, რასაც "ქართული ოცნება" შეეწინააღმდეგა. კონსენსუსის არარსებობის გამო რეზოლუცია საერთოდ არ მიიღეს.

დღის ამბები