14 ივლისი 2024,   23:09
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებელია, რათა ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები წარიმართოს - თამარ ჩუგოშვილი

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები გამოეხმაურნენ. დეპუტატების განცხადებით, საარჩევნო სისტემის ცვლილებაში დიდი წვლილი საერთაშორისო პარტნიორებს მიუძღვით.

დეპუტატები იმედოვნებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

"მოუწია ხელისუფლებას იმის გააზრება და აღიარება, რომ რაც ნოემბერში მოხდა ეს იყო უდიდესი შეცდომა, რომელიც ვერ დარჩებოდა უკვალოდ და მაინც იძულებული გახდებოდა ხელისუფლება გადაწყვეტილება მიეღო. საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია იყო გადამწყვეტი და ცვლილებები აუცილებელია იმისთვის, რომ სამომავლოდ ქვეყანაში ნორმალური, დაბალანსებული და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები წარიმართოს," - აღნიშნა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა.

"ეს ცვლილება "ქართულმა ოცნებამაც" გააცნობიერა და გააცნობიერებინეს მას როგორღაც და საჭიროა ეს ორი არჩევანი, რომელიც მუდმივად იყო ამ ბოლო წლებში - "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა", აღარ იყოს. საჭიროა სხვა არჩევანი, თუნდაც მცირე ჯგუფები, მაგრამ ახალი ალტერნატივებიც, რაც მისცემს შესაძლებლობას, რომ პარლამენტი გამოვიდეს ამ აგრესიული, დაპირისპირებული, ძალიან მძიმე პოლიტიკური ორ პოლუსიანი ფორმულიდან და გადავიდეს ახალ ეტაპზე, სადაც იქნება კოალიციური მმართველობა," - აღნიშნა პარლამენტის დამოუკიდებელმა ეკა ბესელიამ.

"საბედნიეროდ საქართველოს პარლამენტში აღმოჩნდა საკმარისი ხმები, რომ შეგვექმნა გარანტიები საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლომდე მისაყვანად. დღეს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ნიშნავს, რომ მომავალი პარლამენტი საქართველოში იქნება უფრო წარმომადგენლობითი, უფრო სახალხო, რეალურად საზოგადოების ინტერესების გამტარებელი და იქნება უფრო მეტად მრავალფეროვანი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.

"მიღებულ იქნა გადაწყვეტილება "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე. ასე, რომ ეს არ არის გადაწყვეტილება ვიღაცა პარტიებისთვის, ეს არის გადაწყვეტილება ამომრჩევლებისთვის და ვფიქრობ, რომ სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" წევრმა გია ჟორჟოლიანმა.

პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. ქვეყანაში საკონტიტუციო ცვლილებები მიღებულია. საკონსტიტუციო ცვლილებებს 117-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო - 3 წინააღმდეგი იყო.

დღევანდელ სხდომას 120 დეპუტატი ესწრებოდა. ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

დღის ამბები