27 სექტემბერი 2020,   10:35
ვრცლად
ქუთაისში მომხდარი მკვლელობა - მკვლელი მოკლულის მეგობარი ქალია

ქუთაისში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. ქალის მკვლელი ქალია - მოკლულის მეგობარი. ბრალდებულთა რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, მათ შორის, მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით. ამასთან, მკვლელობაში ბრალდებულის გარდა დღეს დანაშაულის შეუტყობინებლობაზეც რამდენიმე პირი დააკავეს.

დანაშაულის შეუტყობინებლობა - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ მუხლით ქუთაისში 30 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავა. ორივე მათგანი მსხვერპლის მეზობელი და დანაშაულში ბრალდებულის ოჯახის მეგობარია. 

მსხვერპლი და ბრალდებული მეგობრობდნენ - ამაზე "კურიერთან" ირინა ჭაბუკიანი საუბრობს - ქალი, რომელიც მოკლულ ელისო ჩეჩელაშვილთან ერთად ბინას ქირაობდა. ჭაბუკიანს მომხდარის სავარაუდო მიზეზის დასახელება უჭირს. მოტივზე ვერც მოკლულის დედა საუბრობს. თამილა ჩეჩელაშვილი დამნაშავის დასჯას კანონის სრული სიმკაცრით ითხოვს.

მოკლულის მეგობრები და ახლა უკვე ოჯახის ადვოკატები აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით დაკავებები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე, იქ, სადაც 18 ივლისს მკვლელობა მოხდა, "კურიერი" მეზობლებს კიდევ ერთხელ გაესაუბრა. მათი თქმით, საპატრულო პოლიცია დროულად გამოიძახეს. თუმცა საჭირო გახდა მაშველების ჩართვა და კარის შემტვრევისთვის საჭირო პროცედურების მოგვარება, რაც დროსთან იყო დაკავშირებული. იმასაც ამბობენ, რომ შესაბამისი სამსახურების გამოძახების შემდეგ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი მეუღლესთან ერთად, ეზოში რამდენიმე წუთის განმავლობაში იდგა.

მკვლელობაში ბრალდებული მეუღლესთან ერთად ფარდულში ცხოვრობდა. მოკლული ქალის ახლობლები ამბობენ, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ისინი მიმალვას აპირებდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა დროულად იმოქმედეს. დაკითხვის შემდეგ ქალი დააკავეს, თუმცა მისი მეუღლე ამ ეტაპზე თავისუფალია. ელისო ჩეჩელაშვილის მეგობრებს მკვლელობაში მამაკაცის მონაწილეობაზე ეჭვები აქვთ.

ქუთაისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები