19 დეკემბერი 2024,   05:59
ვრცლად
"შეთანხმება, რომ დაარღვიო ჯერ შეთანხმებაში უნდა მიიღო მონაწილეობა" - ყოფილ პოლიტიკურ პარტნიორებს შორის ბრალდებები გრძელდება

ყოფილ პოლიტიკურ პარტნიორებს შორის პოლიტიკური ბრალდებები გრძელდება. მას შემდეგ რაც ოპოზიციის შეთანხმება დაირღვა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ისნის საარჩევნო ოლქში საერთო შეთანხმების საფუძველზე წარდგენილ გიორგი ვაშაძეს კონკურენტად საკუთარი კანიდატი დაუყენა, მოლაპარაკების დარღვევაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. "ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ შეთანხმება არა მათ, არამედ გიორგი ვაშაძემ დაარღვია, როცა თაკო ჩარკვიანს საბურთალოზე მხარი დაუჭირა. თავად თაკო ჩარკვიანი კი ამბობს, რომ მისი პარტია არ იყო ამ შეთანხმების მონაწილე მხარე, ამიტომ მისთვის ეს ბრალდებები გაუგებარია.

"აბა მოდით გადავხედოთ ვინ წარადგინეს ისანში - ძალოვანი სტრუქტურებიდან წარმომადგენელი, საბურთალოზე გაერთიანებულმა ოპოზიციამ ყოფილი ძალოვანი სტრუქტურებიდან წარმომადგენელი.  მე ეს მგონია პოლიტიკური შეცდომა. პრინციპში მთელი ის ამბავი და ყოფილი ხელისუფლების ცვლა, მოხდა სწორედ ძალოვანი სტრუქტურების მიმართ პრეტენზიების გამო. მე დამასახელა კანონმა და სამართალმა, ზუსტად ისე როგორც სხვა დამოუკიდებელი კანდიდატები. მე ხომ შალვა ნათელაშვილთან ოფისში შეხვედრებში მონაწილეობას არ ვიღებ? შეთანხმება რომ დაარღვიო, ჯერ შეთანხმებაში უნდა მიიღო მონაწილეობა," - აცხადებს გიორგი ვაშაძის თანაგუნდელი თაკო ჩარკვიანი.

ბრალდებებს ბრალდებითვე პასუხობენ "ნაციონალურ მოძრაობაში". გიორგი ბარამიძის თქმით, ენმ-ს მხრიდან ისანში საკუთარი კანდიდატის წარდგენა პრაქტიკულად იძულებითი ნაბიჯი იყო, რადგან გიორგი ვაშაძემ თავისი არასწორი და უპასუხისმგებლო  მოქმედებებით დაკარგა ოპოზიციური ამომრჩევლის უდიდესი ნაწილის ნდობა:

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისინი აბსოლუტურად არასწორად იქცევიან როდესაც ვერ შეამჩნიეს აქამდე ის კონკრეტული ფაქტი რომ საბურთალოზე  არის მათ მიერ შერჩეული საერთო კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი და ამავდროულად ამ პროცესის მონაწილე კოალიცია აღმაშენებელსაც ჰყავს თავისი კანდიდატი იქ. ეს გადაწყვეტილება იყო პრაქტიკულად იძულებითი ნაბიჯი, რადგანაც გიორგი ვაშაძემ თავისი არასწორი და უპასუხისმგებლო  მოქმედებებით დაკარგა ოპოზიციური ამომრჩევლის უდიდესი ნაწილის ნდობა," - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

დღის ამბები