2011 წლის 26 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც ანზორ ბიწაძესა და ნინო ბურჯანაძეს შორის დიალოგია ჩაწერილი, ანზორ ბიწაძე გაყალბებულს უწოდებს.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვას „ღამის კურიერის“ ეთერში უპასუხა.
ანზორ ბიწაძე ამბობს, რომ ეს დიალოგი მასსა და ნინო ბურჯანაძეს შორის საერთოდ არ შემდგარა. მისი თქმით, ჩანაწერი არ არის ავთენტური, რომელიც უკვე 29 მაისს, თავად ვანო მერაბიშვილმაც დაადასტურა.
"ის რაც ვანო მერაბიშვილმა, მაშინდელმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ეს ჩანაწერი, თუმცა კარგად არ არის ცნობილი, საერთოდ ვინ გამოაქვეყნა და როგორც აღმოჩნდა სივრცეში. იმ ღამეს გამოქვეყნდა ჩემი დაკავების კადრები, როდესაც ნინო ბურჯანაძეს და მე ფაქტიურად თავს დაგვესხა სპეცრაზმი და გამიყვანეს რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოდან, ძალიან უხეშად, ძალიან ძალადობრივად და ა.შ. ამან გამოიწვია საზოგადოებაში ძალიან დიდი სოლიდარობა იმ ღამესვე და სწორედ ამის გამო და ამის საპასუხოდ, მაშინ მოხდა ამ ჩანაწერის გაყალბება და გამოქვეყნება,“ - ამბობს ანზორ ბიწაძე.
ამავე ჩანაწერის შესახებ ნინო ბურჯანაძეც ამბობს, რომ ეს იყო დამონტაჟებული და ფალსიფიცირებული. "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა აღნიშნა, რომ მასალების შესახებ გამოძიების მოთხოვნით ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს მოითხოვა.
"უკანონოდ მოპოვებული და გაყალბებული ჩანაწერების ტირაჟირება არის დანაშაული. მე არა მარტო ახლა მოვითხოვე ამის გამოძიება, არამედ მე ამის გამოძიება მოვითხოვე ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების დროს და საგანგებო ბრიფინგი მაქვს ამაზე ჩატარებული, მოვითხოვე კატეგორიულად საერთაშორისო ორგანიზაციების და უცხოელი საგამოძიებო ორგანოების ჩართვა, რომ შეემოწმებინათ ჩანაწერი, ყველაფერი რაც ამ საქმესთან იყო დაკავშირებული,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.