22 დეკემბერი 2024,   15:04
ვრცლად
"ჩვენ დღეს ხმას ვაძლევთ იმისთვის, რომ ავაშენოთ ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა" - საქართველოს პრეზიდენტმა თავისი არჩევანი დააფიქსირა

ერთ-ერთი პირველი, ვინც საარჩევნო უბანზე გამოცხადდა, საქართველოს პრეზიდენტია. სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ არჩევანი კოტე აფხაზის ქუჩის 25 ნომერში დააფიქსირა. ეს საარჩევნო უბანი 67-ე საჯარო სკოლაშია გახსნილი.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი არჩევნის დაფიქსირების შემდეგ მედიასთან განაცხადა, მან ხმა მისცა ევროპული, დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბებას და დღევანდელი დღე ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

"მე მინდა, რომ ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ეს არის მნიშვნელოვანი დღე ამ ქვეყნისთვის, მე მივეცი ხმა ისე, როგორც ყველა მოქალაქე მისცემს ხმას, ანუ თავისუფლად, წყნარად. ჩვენ დღეს ხმას ვაძლევთ ყველანი იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ყველა ჩვენ ვოცნებობთ - ეს არის ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა და დღეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ დღეს მოქალაქეები ხმას აძლევენ ამ ძალიან რთულ პირობებში, რასაც ჰქვია პანდემია და ამის მიუხედავად, მინდა ყველას მოვუწოდო, რომ მშვიდად მოვიდნენ, დაცულია ყველა ზომები, ნურაფრის ნუ გეშინიათ, თქვენ თვითონაც დაიცავით დისტანცია. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ძალიან კარგად ჩატარდება. გისურვებთ ხვალინდელ ქართული საზოგადოების და სახელმწიფოს დღეს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღეს საქართველო მე-10 მოწვევის პარლამენტს ირჩევს. ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს პარლამენტის 150 წევრი - 120 პროპორციული, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

დღის ამბები