26 აპრილი 2024,   14:16
ვრცლად
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ კარასინმა მოუწოდა ქართულ მხარეს, ლუგარის ლაბორატორიაში რუსი სპეციალისტები დაუშვას

აბაშიძე-კარასინის ონლაინფორმატით შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას და მასში აღნიშნულ კიდევ ერთ ინფორმაციას - ამჯერად ლუგარის ლაბორატორიის შესახებ, ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კარასინმა მოუწოდა ქართულ მხარეს, ლუგარის ლაბორატორიაში რუსი სპეციალისტები დაუშვას. აბაშიძესთან შეხვედრაზე კარასინმა ლუგარის ლაბორატორიას სამხედრო-ბიოლოგიურ საქმიანობაში დასდო ბრალი.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ რუსი ექსპერტების ჩამოყვანა და მათთვის ცენტრის დათვალიერების შესაძლებლობა დაუშვებელია. 

"მე საქართველოს ხელისუფლების მაგივრად არ გავბედავდი მიუხედავად თავიანთი პრორუსული განწყობებისა, ლუგარის ლაბორატორიაში რუსი ე.წ. ექსპერტების ჩამოყვანას, იმიტომ რომ ეს იქნება ზუსტად გავრილოვის იდენტური,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი კანდელაკი პანდემიამდე, ლუგარის ლაბორატორიის მისამართით გავრცელებულ უსაფუძვლო ბრალდებებს იხსენებს. 

"ჩვენ გვახსოვს, რომ პანდემიამდე ათასი შეთქმულების თეორია და კონსპირაციის თეორიები და პროპაგანდისტული შხამი ვრცელდებოდა ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ, შემდეგ პანდემიის დროს როცა გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის მთავრობის ეს საჩუქარი საქართველოსთვის და უდიდესი როლი შეასრულა ლუგარის ლაბორატორიამ კორონავირუსთან ბრძოლაში, შემდეგ ეს მინელდა და ახლა ისევ უბრუნდება "ქართული ოცნება" რუსეთის პროპაგანდის მთავარ ხაზს, რომ რაღაც არის იქ თითქოს შესამოწმებელი,“ - ამბობს გიორგი კანდელაკი. 

დღის ამბები