საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რუს ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია. მისივე თქმით, პოზნერი და მისი თანმხლები პირები ქვეყანაში კანონის სრული დაცვით შემოვიდნენ.
"მე მსურს გამოვეხმაურო გუშინ ღამე განვითარებულ მოვლენებს. მინდა ავღნიშნო, რომ ვლადიმერ პოზნერს, რომელიც არის აშშ-ის მოქალაქე, არ დაურღევია კანონი ოკუპაციის შესახებ. იგი ხშირად სტუმრობს საქართველოს აშშ-ის პასპორტით. ეს იყო მისი, მორიგი, კერძო ხასიათის ვიზიტი. ამასთანავე, მთავრობის დადგენილების შესაბამისად მას და მის თანმხლებ პირებს ჰქონდათ ე.წ. კოვიდპასპორტი და ასევე უარყოფითი პასუხი PCR ტესტზე და შესაბამისად, ისინი ქვეყანაში შემოვიდნენ კანონთან სრულ შესაბამისობაში.
რაც შეეხება სტუმრების შეკრებას თბილისის ერთ-ერთ დაწესებულებაში, რეგულაციების გაუთვალისწინებლად, ეს რა თქმა უნდა მიუღებელია ჩვენთვის, ყველასთვის. რა თქმა უნდა არის დარღვევა და შესაბამისს უწყებებს ჰქონდათ მყისიერი რეაგირება, კერძოდ, დაჯარიმდა როგორც დაწესებულება, ასევე ყოველი ინდივიდი.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითაც ისარგებლა ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და როგორც ჩვევია, მოვლენები თავიანთი დღის წესრიგის ფარგლებში მოაქციეს. ამჯერადაც "ნაციონალური მოძრაობის" და საკაშვილის მიზანია დესტრუქცია, საბოტაჟი და ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება. ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვა და ამჯერადაც ეს გააკეთეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ იხსნება ტურისტებისთვის.
რა თქმა უნდა, ყოვლად დაუშვებელი იყო ნაცმოძრაობის ლიდერების და მათი ჯგუფების პროტესტის ეს ფორმა, რაც აშკარად ცდება ცივილიზებულ ნორმებსა და ქართულ სტანდარტებს. კიდევ ერთხელ დავრწუნდით, რომ ნაცმოძრაობა ჩამოყალიბდა აბსოლუტურად დეგრადირებულ და რადიკალურ ჯგუფად, რომელთანაც ცივილიზებული დიალოგი უბრალოდ შეუძლებელია. რაც შეეხება, სახელმწიფო უწყებებს, ისინი მოქმედებდნენ კანონის სრული დაცვით," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.