18 დეკემბერი 2024,   23:19
ვრცლად
"დღეიდან გიორგი გახარიასთან ერთად პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპს ვიწყებთ" - "ქართული ოცნება" 6-მა დეპუტატმა დატოვა

პარლამენტის 6-მა დეპუტატმა "ქართული ოცნება" დატოვა. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

ხოჯევანიშვილთან ერთად, პარტიას ტოვებენ დეპუტატები: ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე.

გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, ეს ადამიანები გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და დღეიდან გადადიან პარტიის მშენებლობის ეტაპზე. 

ისინი საქმიანობას დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ.

"ჩვენ ვართ გიორგი გახარიას გუნდის წევრები, ვართ თანამოაზრეები და  ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები და ფასეულობები. ეს სიახლე არავისთვისაა, თუმცა ახალი ამბავი გახლავთ ის, რომ ჩვენ დღეიდან გიორგი გახარიასთან ერთად ერთობლივი გადაწყვეტილებით, პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე გადავდივართ. შესაბამისად, ვტოვებთ "ქართულ ოცნებას და პარლამენტში ამ ეტაპზე საქმიანობას გავაგრძელებთ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები. ჩვენ ვიყავით ქართული ოცნების წევრები და შესაბამისად, ვიზიარებთ იმ წარმატებებს და წარუმატებლობებს რაც ამ პერიოდში მოხდა. ამავე დროს, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას შეცდომებზეც და სწორედ ამ პასუხისმგებლობის გრძნობით ვდგამთ ამ ნაბიჯს.

ჩვენი ქვეყანა დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე, მოქალაქეებს უწევთ ყოველდღიურ რეჟიმში გამკლავება ისეთი პრობლემების, როგორიც არის პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობა, სიდუხჭირე და ეს ის პრობლემებია, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებსა და მოსახლეობას აინტერესებს და არა პოლიტიკური პარტიების დაუსრულებელი დაპირისპირება და კინკლაობა. ჩვენ ამ პრობლემებს ვხედავთ, არ გვეშინია სიმართლის თქმისა და პრობლემებისთვის თვალის გასწორების. დეტალურად სამომავლო გეგმებზე გუნდის ლიდერთან ერთად მოგვიანებით მოგახსენებთ," - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

დღის ამბები