21 დეკემბერი 2024,   16:37
ვრცლად
"15 დღეა კონტაქტი შეწყდა. უბრალოდ, რომ ვიცოდეთ, ცოცხალია თუ მკვდარია, ეს არის ჩვენი მიზანი" - პოლონეთში დაკარგული ქართველის ნათესავები

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ. მამაკაცი 18 აპრილის შემდეგ კონტაქტზე არავისთან გასულა. დაკარგულის მეგობრები ამბობენ, რომ პაატა ჩიქობავა ემიგრაციაში სამუშაოდ იმყოფებოდა. ისინი გამორიცხავენ რაიმე ტიპის უთანხმოებას ან კონფლიქტს. დაკარგულს ეძებს ადგილობრივი პოლიცია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ გაუვრცელებია. სავარაუდოდ, უწყება ინფორმაციას დღის ბოლომდე გაავრცელებს.

რაც შეეხება დაკარგული მამაკაცის მეგობრებს, როგორც ისინი "კურიერთან" საუბრისას ამბობენ, პაატა ჩიქობავა ზუგდიდიდან პოლონეთში 2018 წელს ჩავიდა. მათივე ინფორმაციით, ის ბოლოს მეგობარს 18 აპრილს დაუკავშირდა და უთხრა, რომ პოზნანიდან 150 კმ-ის დაშორებით იმყოფებოდა, ამის შემდეგ კი მამაკაცთან სატელეფონო კავშირი გაწყდა.

"იმდენად კარგი, პატიოსანი კაცია, მას არ შეეძლო მაგალითად, მე უყურადღებოდ დავეტოვებინე," –  აცხადებს დაკარგული მამაკაცის მეგობარი ალექსანდრე ბეცაშვილი.

დაკარგული პაატა ჩიქობავას ნათესავს ვერსიებზე საუბარი უჭირს. დაკარგულის ნათესავი "კურიერთან" საუბარისას აცხადებს, რომ მას ხშირი კომუნიკაცია ჰქონდა ნათესავებთან ზუგდიდში, თუმცა 18 აპრილის შემდეგ გაუჩინარებული მამაკაცი კონტაქტზე არ გამოსულა.

"სკაიპით ველაპარაკებოდით. 15 დღეა კონტაქტი შეწყდა. უბრალოდ, რომ ვიცოდეთ, ცოცხალია თუ მკვდარია, აი ეს არის ახლა ჩვენი მიზანი," - აცხადებს სუსანა ბოჯგუა.

დღის ამბები