23 დეკემბერი 2024,   09:35
ვრცლად
კურთხევის გარეშე მიცემული ჩვენების გამო უნივერსიტეტმა სტუდენტი დასაჯა - რას უყვება "კურიერს" ნინოწმინდის ყოფილი ბენეფიციარი 

ბენეფიციარებზე ზეწოლის შესახებ ნინო ლომჯარიას ინფორმაციას თავშესაფრიდან გარიცხული აღსაზრდელიც ადასტურებს. 

18 წლის სტუდენტი "რუსთავი 2-თან" ყვება, რომ ნინოწმინდის პანსიონში არსებული ძალადობის შესახებ, რომლის მსხვერპლიც ის წარსულში არაერთხელ გამხდარა, მან პოლიციას აცნობა.

მისი თქმით, პოლიციაში მიცემული ჩვენების შესახებ მას სააღმზრდელო დაწესებულების ადმინისტრაცია საქმის კურსში არ ჩაუყენებია და არც "კურთხევას დალოდებია". ამის შემდეგ, კი როგორც ის ამბობს, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის ზედამხედველებმა დაიბარეს და განუცხადეს, რომ საცხოვრებელი უნდა დაეტოვებინა, რისი მიზეზიც პოლიციისთვის მიცემული ჩვენება გახდა. 

18 წლის ლუკა ჩვენების კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მისი ინფორმაციით,  პანსიონის რამდენიმე მეგობარი სასულიერო პირების მხრიდან ზეწოლის ქვეშ იმყოფება. 

"კურთხევა უნდა ამეღო, რომ წავსულიყავი აქ. მე კურთხევას არ დაველოდე და ჩემი ნებით წამოვედი პოლიციაში დასაკითად. დაკითხვა დასრულდა დაახლოებით 12 საათზე და შემდეგ დავბრუნდი უნივერსიტეტში არსებულ საერთო საცხოვრებელში. ერთ-ერთმა ზედამხედველმა მითხრა, ლუკა, შენ მიდიხარ, ბარგი ჩაალაგე, ამაღამ გაათენებ ერთ-ერთ თანამშრომელთან და ხვალ წადი,"- ამბობს სტუდენტი.

ხიჭაურის უნივერისტეტში განვითარებულ მოვლენებს ცოტა ხნის წინ საპატრიარქოც გამოეხმაურა. უწყების იურისტი სტუდენტის ნაამბობს ჭორაობას უწოდებს. 

"თქვენ რასაც ამბობთ, ეს არის ჭორაობა, არ არის სიმართლე. თუ არსებობს, კეთილი ინებოს და დაასახელოს ის პიროვნება, თუ რაიმე დაირღვა, ან გამოძიებას მიმართოს, საქმე მიმდინარეობს და ყველა დეტალი ობიექტურად იყოს გარკვეული და არა სახალხო დამცველს, რომელიც ახლა ჩემთვის უკვე არის მხარე,"- აცხადებს საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა.

დღის ამბები