"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე "ღამის კურიერში“ იმ ბრალდებებს პასუხობს, რომლის თანახმადაც მან ანაკლიის პორტის პროექტის შესრულების დროს საკუთარი ვალდებულებები ვერ შეასრულა და პროექტი ჩააგდო.
როგორც მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ორი წელია ანაკლიის პროექტი სახელმწიფოს ხელშია და ის სწორედ ამ ხელისუფლებამ ჩაშალა.
"ეს არის ქურდს კუდი ეწვისო. მე შეგნებულად არ დავუსვი ანაკლიაზე კითხვა... მე მინდა ყველას ვუთხრა მთელი პასუხისმგებლობით, რომ ანაკლიის პროექტი ჩაშალა ამ ხელისუფლებამ, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, კონკრეტულად გახარიას და მისი მთავრობის მონაწილეობით და ახლა მიდის ორი წილის მერე, როცა მე ანაკლიასთან არანაირი კავშირი არ მაქვს, მე ვარ ერთ-ერთი ინვესტორი იმ ამერიკელებთან ერთად და უამრავ სხვა უცხოელებთან ერთად, რომლებმაც აიღო რისკი ამ ქვეყანაში, 80 მილიონი დოლარის ინვესტიცია გააკეთა. ორი წელია სახელმწიფოს ხელშია ანაკლია, მამუკა ხაზარაძე რა შუაშია?
80 მილიონით დაგვაჯარიმეს და წაგვართვეს, ჩემ მეგობრებს, ვისაც მე დიდი იმედით და თხოვნით ვემუდარებოდი, რომ ჩამოდით საქართველოში, ენდეთ ჩვენს ქვეყანას და აფხაზეთიდან 4 კილომეტრის დაშორებით, სადაც რუსეთის ჯარი დგას, ჩავადებინე უზარმაზარი ინვესტიცია.
კიდევ ვიმეორებ, ორი წელია არ ვარ ამ კომპანიაში, ვარ დაზარალებული, ვარ ბრალდებული, ანგარიშგაყინული, ჩემი უცხოელი პარტნიორები გაგდებული ამ ქვეყნიდან,“ - ამბობს მამუკა ხაზარაძე.