17 ნოემბერი 2024,   01:27
ვრცლად
ოკუპირებული ტერიტორიები ბარიერი არაა, NATO საქართველოს გვერდითაა და მხარს უჭერს მის გაწევრიანებას - ექსკლუზიური ინტერვიუ ჯეიმს აპატურაისთან

NATO-რუსეთის ურთიერთობა ცივი ომის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. სწორედ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და კრემლის ექსპანსიური პოლიტიკა იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი ბრიუსელის სამიტზე, სადაც ალიანსის 30-მა სახელმწიფომ NATO-ს მოდერნიზებისა და თავდაცვის შესახებ 2030 წლის ამბიციური გეგმა შეიმუშავა.

დაიწერა ბრიუსელის სამიტის კომუნიკეც, რომელიც საქართველოსა და უკრაინისთვის პოზიტიურ გზავნილებს მოიცავს, თუმცა კომუნიკეს შინაარსმა ორივე ასპირანტ სახელმწიფოს მაინც უკმაყოფილების განცდა დაუტოვა.

დოკუმენტზე "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ისაუბრა.

"არ ვფიქრობ, რომ უკმაყოფილების განცდა უნდა არსებობდეს. დოკუმენტში მნიშვნელოვანი საკითხებისთვის 2 აბზაცია დათმობილი - ის, რომ საქართველოსთვის NATO-ს კარი ღიაა, და მეორე - NATO ერთგული რჩება ბუქარესტის სამიტზე გაცემული პირობის.

მინდა აღვნიშნო, რომ NATO-ს სამიტზე ერთ-ერთ განხილვის თემა იყო ის, თუ როგორ დავეხმაროთ საქართველოს. საქართველომ უნდა განაგრძოს NATO-სთან მუშაობა. იმისათვის, რომ იყოს მეტი NATO საქართველოში და პირიქით. უკრაინამ NATO-სკენ სწრაფვა 2014 წლიდან დაიწყო, მაშინ როცა საქართველომ ამის სურვილი ჯერ კიდევ 2008 წელს გამოხატა ამ ორი ქვეყნის შედარება არ მგონია სწორი იყოს რადგან მათ დიახ, ერთი მიმართულება აქვთ - NATO-სკენ სწრაფვა, თუმცა განსხვავებული წარსული,"- აღნიშნა აპატურაიმ.

აპატურაიმ საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი მოტივირებულია, რომ განახორციელოს აგრესიული ქმედებები.

"რუსეთი მოტივირებულია განახორციელოს აგრესიული ქმედებები საქართველოში, რომ ქვეყანა გახადოს დასავლეთისთვის მიუღებელი. კრემლის მიზანია, რომ NATO დანებდეს. ბატონი სტოლტენბერგი ყველა თავის განცხადებაში მხარს უჭერს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას და აჩვენებს რუსეთს, რომ ჩვენ არ დავნებდებით. ოკუპირებული ტერიტორიების მიუხედავად, NATO საქართველოს გვერდითაა და მხარს უჭერს მის გაწევრიანებას. ოკუპირებული ტერიტორიები არაა ბარიერი, თუმცა სირთულეს ნამდვილად წარმოადგენს რადგან იქ რუსული ჯარებია,"- აცხადებს აპატურაი.

"რუსთავი 2-თან" საუბრისას ჯეიმს აპატურაი საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მომზადების დაჩქარებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამისთვის შავ ზღვაზე უსაფრთხოების სტანდარტების დახვეწაზე ალიანსში მსჯელობა უკვე დაწყებულია და გარკვეული იდეებიც განიხილება.

ჯეიმს აპატურაიმ საუბრისას "კურიერს" გაუმხილა, რომ შესაძლოა უახლოეს კვირებში თბილისს ეწვიოს. რატომ და რა მიზნებით, დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა ინტერვიუს დროს გავარკვიეთ, რომ შესაძლოა NATO-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი საქართველოში უკვე გაცილებით მაღალი სტატუსით ჩამოვიდეს.

დღის ამბები