20 ნოემბერი 2024,   00:51
ვრცლად
ლექსო მიჰყავთო, გადავეფოფრე, ხელი გადამიტრიალეს, ერთი და იმ კუთხეში იყო მიგდებული, სცემეს...- გარდაცვლილი ლექსო ლაშქარავას დედა

რა პოზიცია აქვს გარდაცვლილი ლექსო ლაშქარავას ოჯახს შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე - საუბარი ცოტა ხნის წინ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებაზე, რომ ოპერატორის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად ზედოზირებაც განიხილება. 

გარდაცვლილის ოჯახში ამბობენ, რომ შესაძლებელია, გარდაცვლილის ორგანიზმში, ამ დროისთვის, გარკვეული ტიპის სამედიცინო პრეპარატები აღმოჩნდეს და ეს, მათი თქმით, ბუნებრივიცაა, რადგანაც ლექსო ლაშქარავა მიყენებული დაზიანებების შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა და მკურნალობის მიზნით ძლიერმოქმედი პრეპარატები უკეთდებოდა. ოჯახის განმარტებით, ისინი სამხარაულის ეროვნული ბიუროს ოფიციალურ დასკვნას ელოდებიან.

"რაც შეეხება ნარკოტიკს, ისედაც უკეთდებოდა ტკივილგამაყუჩებლები. კონკრეტულად რა პრეპარატები უკეთდებოდა, ეს ისტორიაში წერია და თუ ექსპერტიზას აინტერესებს, რა ნივთიერებები უკეთდებოდა, ამოიღონ ისტორია და წაიკითხონ," - აცხადებს ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი.

"კურიერი" გარდაცვლილი ლექსო ლაშქარავას დედას ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ლექსო ლაშქარავას ექსპერტიზაზე გადასვენების დროს სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლებმა მასზე და მისი ოჯახის წევრებზე ფიზიკურად იძალადეს.

"ჩემი ხელით დავაწვინე, რანაირადაც დავაწვინე, 3 საათამდე მე ტელევიზორს ვუყურებდი, არ გამოვედი, არ შევაწუხო-მეთქი, ძინავს-მეთქი...

მე გადმოვატრიალე ჩემი შვილი, ვნახე ჩალურჯებული, ექიმი ვარ შვილო, საპოჟნიკი ხომ არ ვარ, მივხვდი, რომ მკვდარია.

ლექსო მიჰყავთო, ჩემმა დამ მითხრა, ერთ-ერთმა და ასე გადავეფოფრე, ხელი გადამიტრიალეს, ერთი და იმ კუთხეში იყო მიგდებული, სცემეს, სინამდვილეში, რა უნდოდათ?!" - აცხადებს გარდაცვლილი ოპერატორის დედა.

დღის ამბები