შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 5-6 ივლისის მოვლენების გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს "ქართული ოცნების" გუნდი წყვეტს და, იმ შემთხვევაში, თუ მისი გადადგომა იქნება საჭირო, ის ამას გააკეთებს.
როგორც მან "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, 5-6 ივლისის მოვლენებზე სასაუბროდ უკვე შეხვდა ელჩებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.
"დიდ პატივს ვცემ ელჩების, დიპლომატიური კორპუსის აზრს, მე მათ შევხვდი. ჩვენ ვნახეთ მათი განცხადება და მეორე დღესვე ამომწურავი პასუხი გავუგზავნეთ. ჩვენი უწყება ყოველთვის მზადაა, რომ შევხვდეთ, კითხვებზე პასუხები გავცეთ და რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობის აღებას, ეს პასუხისმგებლობა აღებული გვაქვს ჩვენს გუნდს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ, პირველ რიგში, დაისაჯოს ყველა, ვინც ჩაიდინა ძალადობა ჟურნალისტებზე და არამარტო.
თუ თქვენ გულისხმობთ ჩემს გადადგომას და თანამდებობის დატოვება - არ დატოვების თემას, გვყავს პრემიერი, პოლიტსაბჭო და არის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მე უნდა დავტოვო თანამდებობა თუ არა, 5-6 ივლისის ფარგლებში მე და შსს-მ სწორად ვიმოქმედეთ თუ არა. აქედან გამომდინარე, მოხდება უკვე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, მე უნდა დავტოვო თანამდებობა თუ არა. თუ მიიღებს გუნდი გადაწყვეტილებას, რომ მე თანამდებობა დავტოვო, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას დავემორჩილები,"-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.