19 დეკემბერი 2024,   12:09
ვრცლად
ვადასტურებ, რომ ყველა მძევალი თავისუფალია, მიმდინარეობს თავდამსხმელის იდენტიფიცირება - შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი, ქეთი კოვზიაშვილი ადასტურებს, რომ "საქართველოს ბანკის" ყვარლის ფილიალში აყვანილი ყველა მძევალი თავისუფალია.

მან ასევე დაადასტურა, რომ თავდამსხმელი ნამდვილად შეიარაღებულია და ფულის შესახებ მოთხოვნაც იყო, თუმცა, დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. 

"პირველ რიგში, ვადასტურებ, რომ ყველა მძევალი თავისუფალია, შეტყობინების მიღებისთანავე სამართალდამცველებმა დაიწყეს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები.

ამ წუთებშიც მიმდინარეობს ღონისძიება. დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ. ის ნამდვილად შეიარაღებულია და ახლაც მიმდინარეობს სპეცოპერაცია, თანხასთან დაკავშირებით იყო მოთხოვნა, თუმცა, ამ ეტაპზე, დამატებითი ინფორმაციის მოწოდება არ შემიძლია,"- განაცხადა ქეთი კოვზიაშვილმა. 

მისივე ინფორმაციით, საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს თავდამსხმელის იდენტიფიცირება და გრძელდება სპეცოპერაცია. 

დღის ამბები