23 აპრილი 2024,   12:23
ვრცლად
თელავში, ყაზბეგში, ბორჯომსა და ზუგდიდში ოპოზიციური პარტიების რიგები დატოვეს

რეგიონებში რამდენიმე ოპოზიციურ პარტიაში ცვლილებებია. არაერთ ოლქში საარჩევნო სიის წევრები პარტიას ტოვებენ.

“ევროპული საქართველოს“ ბორჯომის რაიონული ორგანიზაცია სამმა წევრმა დატოვა. კერძოდ, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს ბორჯომის საკრებულოს პროპორციული სიის მეექვსე ნომერმა ცირა გრიგალაშვილმა, მეათე ნომერმა თამაზ მამიჯანაშვილმა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა იოსებ კევლიშვილმა.

აღნიშნული პარტია ასევე დატოვა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვახტანგ ყარაულაშვილმაც. მისი განცხადება უკვე დარეგისტრირებულია საოლქო საარჩევნო კომისიაში. ყარაულაშვილი საკუთარი კანდიდატურის რეგისტრაციიდან გაუქმებას ითხოვს.

ცვლილებებია “ნაციონალური მოძრაობაშიც“, რომელიც ყაზბეგში პროპორციული სიის მეშვიდე ნომერმა, ამავე დროს სიონის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კობა ღუდუშაურმა დატოვა.

პარტია “საქართველოსთვის” კი ზუგდიდის პროპორციული სიის მე-19 ნომერმა გიორგი ჯოჯუამ დატოვა. მან გუშინ საოლქო საარჩევნო კომისიას კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნითაც მიმართა.

დღის ამბები