პედიატრმა თეიმურაზ მიქელაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ 12 წლის ზემოთ განსაკუთრებული რისკის მქონე ბავშვების ვაქცინაციის რეკომენდაცია უნდა გასცენ.
პედიატრი იმ განსაკუთრებულ ქრონიკულ პათოლოგიებსაც ასახელებს, რომლის დროსაც ბავშვების ვაქცინაციაზე რეკომენდაცია გაიცემა.
"ჩვენ, პირველ რიგში, რეკომენდაცია უნდა მივცეთ 12 წლის ზემოთ განსაკუთრებული რისკის მქონე ბავშვების ვაქცინაციას. ანუ, იმ ბავშვებს, რომლებშიც შესაძლოა მძიმედ მიმდინარეობდეს კორონავირუსი. არიან მშობლები, რომლებსაც უნდათ შვილს ვაქცინაცია ჩაუტარონ და ამის გამო ზოგი საზღვარგარეთ მიდის. ასეთ ბავშვებსაც მიეცემათ რეკომენდაცია, ოღონდ, ბავშვის ვაქცინაცია აუცილებელად მშობლის ინფორმირებული თანხმობის შემდეგ.
რაც შეეხება განსაკუთრებულ რისკებს, ეს არის ქრონიკული პათოლოგიები, რომელიც გაწერილია, მაგალითად, ეს არის ნერვული სისტემის სხვადასხვა თანდაყოლილი მძიმე ქრონიკული პათოლოგია, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგია, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლის დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი. შესაბამისად, რეკომენდაციები მიეცემათ პედიატრებსა და ოჯახის ექიმებს. ვაქცინა კი, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც საყოველთაო იქნება და არა სავალდებულო.
თუკი ახლა უნდათ მშობლებს, რომ შვილებს ვაქცინაცია ჩაუტარონ, მათ შეუძლიათ სპეციალური "ფორმა 100-ის" საშუალებით მოგვმართონ, ჩვენ განვიხილავთ და მყისიერად შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება,"- აცხადებს თეიმურაზ მიქელაძე.