23 დეკემბერი 2024,   01:34
ვრცლად
პრეზიდენტის საგანგებო განცხადება: "სასიამოვნო არაა როცა ყოფილ პრეზიდენტს აპატიმრებენ..." - შეიწყალებს, თუ არა სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც სალომე ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტისთვის არ არის სასიამოვნო, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს აპატიმრებენ, თუმცა აცხადებს, რომ მის შეწყალებას არ აპირებს. 

"მინდა პირველ რიგში მადლობა მოვახსენო სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც ჩაატარეს დღევანდელი ოპერაცია მაღალპროფესიონალურ დონეზე და მშვიდობიანად. სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები არ ჩამოიშალა და პირიქით, გაძლიერდება. დაცულია საზღვარიც, ტერიტორიაც, წესრიგიც და კანონის უზენაესობა.

ქვეყნის პრეზიდენტისთვის, მართალია სასიამოვნო არ არის როცა ყოფილ პრეზიდენტს აპატიმრებენ კამერების წინაშე. თუმცა, სამართალი და კანონის უზენაესობა ამას მოითხოვს და კანონის წინაშე ყველა ერთია.

ბევრი კითხულობს დღეს, პრეზიდენტი აპირებს თუ არა მის შეწყალებას. პასუხი არის ერთ, მარტივ და საბოლოო - არა და არასოდეს.

იმიტომ რომ ირინა ენუქიძის თვალები არასოდეს დამავიწყდება, არც ყველა იმ ადამიანის, ვინც სამართალს ელოდებოდა და ამ დღეს ვერ მოესწრო. იმიტომ რომ ერთგული ვარ იმ სულისკვეთების, რომელიც მამოძრავებდა, როცა ვიდექი და ვებრძოდით ერთად, შიშველი ხელებით რეჟიმს, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს, თავისუფალ ბიზნესს და კანონს. ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე თავისი ძალაუფლების შენარჩუნებას შესწირა. იმიტომ რომ მან ქვეყნის პრეზიდენტისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება მიიღო, როცა მოქალაქეობა დატოვა და დღეს, როცა სახელმწიფო საზღვრის დარღვევით და კანონის დარღვევით შემოიჭრა ტერიტორიაზე და ამით სახელმწიფო სამართალდამცველი სტრუქტურების ავტორიტეტის შელახვა სცადა. და რაც მთავარია, იმიტომ რომ აშკარად შემოვიდა, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია დაეთესა. ყველა საერთაშორისო რჩევების თუ გაფრთხილებების მიუხედევად, რაც მას ბოლო პერიოდში მიუვიდა. აწი კანონი იკანონებს და იწყება ახალი ფურცელი საქართველოს სახელმწიფო მშენებლობის. არა რევანშის, არამედ პირიქით, დეპოლარიზაციის. ტყუილად ნურავინ ნუ იმუქრება, არ მოხდება მასიური გამოსვლები, ქვეყანა დაიღალა და სამართალსა და სიმშვიდეზე ოცნებობს. როგოც დღეს ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო კანონიერების დაცვა, ასევე ამ ახალ ეტაპზე, კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა ენიჭება ხელისუფლებას. რათა ეს ქვეყანა წაიყვანოს დემოკრატიულ, ევროპულ და ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე.

უნდა შეასრულოს ყველა დაპირება მიცემული საკუთარი მოქალაქეების წინაშე და პარტნიორების წინაშე. იუსტიციის რეფორმების ბოლომდე მიყვანა და დეპოლარიზაცია. ევროპული რეფორმები, რათა ჩვენ 2024 წელს მართლაც შევძლოთ კანდიდატურის განცხადება.

დროა წარსულს ზურგი შევაქციოთ, დროა ყველა პარტიამ საკუთარი ადგილი მოიპოვოს პარლამენტში და ერთად და არა ერთმანეთის წინააღმდეგ ვაშენოთ ხვალინდელი ძლიერი საქართველო!“ - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 

დღის ამბები