4 ტყვიით და ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით 25 წლის ქალი საკუთარი სახლის ეზოში სასიკვდილოდ გაიმეტეს. გაზაფხულის ქუჩაზე გვიან ღამით ანასტასია შატალოვას მაშინ ესროლეს, როდესაც სახლში ბრუნდებოდა. მოკლულმა სადარბაზოში შესვლა ვერ მოასწრო.
ფაქტს ჰყავს თვითმხილველებიც, ერთ-ერთი მათგანი იხსენებს, რომ თავდასხმამდე ახალგაზრდა ქალი გარბოდა და შველას ითხოვდა.
რა გახდა ახალგაზრდა ქალის განზრახ მკვლელობის მოტივი, უცნობია. ოფიციალური ვერსია არც დაკავებულებზე გავრცელებულა, თუმცა, "კურიერის" ინფორმაცით, სამართალდამცველებმა მკვლელობიდან რამდენიმე საათში სამი პირი აიყვანეს.
ჯაბაევი - ვის ბინაშიც იმალებოდნენ, ბიძინა ხასია - ვისი ავტომობილითაც მივიდნენ გაზაფხულის ქუჩაზე და წარსულში ნასამართლევი ბექა ლატარია, რომელმაც, სავარაუდოდ, ანასტასია შატალოვას იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. ახალგაზრდა მამაკაცები გლდანში ერთ-ერთ სახლში იმალებოდნენ.
გლდანში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე დაკავებულების ოჯახის წევრებიც საუბრობენ და ჰყვებიან, რომ სამართალდამცველებმა დაკავების მომენტში უფლებამოსილებას გადაამეტეს. "კურიერის" ინფორმაციით, აყვანის ოპერაციისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და ხელყუმბარაც კი გახსნა.
არ არის გამორიცხული, ანასტასია შატალოვას მკვლელობა შეკვეთილი იყოს, შესაბამისად, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ იყო დამკვეთი.
ანასტასია შატალოვა საზოგადოებამ სხვადასხვა მედიასაშუალებაში მიცემული ინტერვიუების შემდეგ გაიცნო. 25 წლის ქალი რამდენიმე ხნის წინ ბათუმის ყოფილ ვიცემერს უჩიოდა, დავის საგანი საერთო შვილი იყო.
მოკლული ყვებოდა, რომ მას ზურაბ ბერიძე მცირეწლოვნის ნახვის საშუალებას არ აძლევდა, მეტიც, მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა. საქმე ამ დრომდე სასამართლოში განიხილებოდა, გავრცელებული ინფორმაციით, ბერაძეს შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი.
დღეს ბათუმში ბერაძის საცხოვრებელ ბინაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, ჩხრეკის შედეგად პოლიციამ კომპიუტერული ტექნიკა ამოიღო.
ზურაბ ბერაძემ საქმეზე პირველი კომენტარი გააკეთა და მკვლელობასთან რაიმე სახის კავშირი კატეგორიულად გამორიცხა.