უკვე 4 საათია მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები რუსთავის ციხესთან იმყოფებიან. აქციის ძირითადი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნებია. გადაკეტილია გზები და დამონტაჟებულია სცენა.
აქციის მონაწილეები "რუსთვი2"-ის ჟურნალისტების მიმართ აგრესიულად არიან განწყობილები, სააკაშვილის მომხრეები აპროტესტებენ ფაქტს, თუ რატომ გაუშვა ტელევიზიამ ოფიციალური უწყების მიერ გავრცელებული ვიდეოკადრები ეთერში.
აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც:
"მიშამ თავისი მაგალითით აჩვენა, როგორ უნდა იბრძოლო სამშობლოსთვის, როგორ უნდა იბრძოლო ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის, როგორ უნდა იბრძოლო ჩვენი ქვეყნის შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და ეს ბრძოლა აუცილებლად მივა ბოლომდე,"- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.
აქციაზე გამოვიდა გიგი უგულავაც, მისი თქმით, ისინი იბრძოლებენ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად, რაც მათი კონსტიტუციური უფლებაა და ხელისუფლებამ ეს კარგად უნდა გააცნობიეროს:
"ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა არის ჩვენი კონსტიტუციური მოვალეობა. დავიცავთ ადამიანის სიცოცხლეს, კარგად გააცნობიეროს ეს. როგორ? ამას თვითონ ნახავს," - განაცხადა გიგი უგულავამ.
ხატია დეკანოიძის თქმით, ამ პროტესტით ისინი არა მარტო მიხეილ სააკაშვილის, არამედ საქართველოს გადასარჩენად იბრძვიან.
"არა მხოლოდ მიშას გადასარჩენად, არამედ ვიბრძვით საქართველოს გადასარჩენად, მთელი ენერგიით, შემართებით, ძალისხმევით ვიბრძოლებთ ამ რეჟიმის წინააღმდეგ, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ მიშა იყოს თავისუფალი,"- აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.