ტყიბულში, მიწის მასაში მოყოლილი ერთ-ერთი პირი მაშველებმა უკვე ამოიყვანეს. 65 წლის მამაკაცი ამ წუთებში კლინიკაში გადაჰყავთ. მამაკაცი კონტაქტური იყო და მაშველებს თავად აწვდიდა ინფორმაციას მისი ადგილმდებარეობის შესახებ.
პირველადი შეფასებით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, თუმცა უფრო ზუსტად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მას კლინიკაში სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება.
პარალელურ რეჟიმი მიმდინარეობს მეორე ადამიანის ძებნა. სამაშველო ბრიგადის წარმომადგენლები მისი ადგილმდებარეობის დადგენას ცდილობენ.
ადგილზე იმყოფებოდა იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც ტერიტორიაზე ქვანახშირის მოპოვებას აწარმოებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე ადგილზე სამუშაოები არ მიმდინარეობდა.
"ნახშირის მოპოვება არ ხდება, თავისთავად, კარიერებიც გაჩერებული იყო. ხდებოდა სარემონტო სამუშაოები თვეში ერთხელ მაინც. თუკი რამე იქნებოდა პრობლემა, შეკეთება იქნებოდა, გამაგრება თუ რამე, ეს ხორციელდებოდა. დღესაც, სავარაუდოდ ჩასული იყვნენ წყლის ამოტუმბვის მიზნით,“ - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
შემთხვევა ტყიბულში დღის პირველ ნახევარში მოხდა. ქვანახშირის კერძო მოპოვების კარიერში მიწის მასა ჩამოიშალა, რამაც ორი ადამიანი, 45 და 65 წლის მამაკაცები მოიყოლა.
მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით არის დაწყებული, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.