27 დეკემბერი 2024,   00:28
ვრცლად
საკეისრო კვეთიდან 2 კვირაში 19 წლის გოგო გარდაიცვალა - ოჯახი კლინიკას ადანაშაულებს

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში საკეისრო კვეთიდან 2 კვირაში 19 წლის გოგო გარდაიცვალა.

როგორც კლინიკამ გარდაცვლილის ოჯახს განუმარტა, საკეისრო კვეთის დროს, ახალგაზრდა გოგოს გული გაუჩერდა, რის შემდეგაც 19 წლის სესილი ბუბუტეიშვილი კომაში ჩავარდა და 2 კვირაში გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ორსულის გოგოს ოჯახი მის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებს.

ოჯახი ამტკიცებს, რომ საკეისრო კვეთის დროს ახალგაზრდა მშობიარეს ანესთეზიური საშუალების ზედმეტი ან უხარისხო დოზა შეუყვანეს. 

"აბსოლუტურად არანაირი მედიკამენტი მთელი ორსულობის განმავლობაში არ გამოუყენებია. დადებითად იყო განწყობილი, მესენჯერით ბავშვის ტანსაცმელები მანახა ჩემმა შვილმა, რომელი ჩავაცვაო, ნახევარ საათში გამოვალ და ბავშვსაც გაჩვენებო.

ოპერაციის შემდგომ ექიმები არ შემხვედრიან და ზუსტი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. სამი საათის შემდგომ მითხრეს, გილოცავთ შვილიშვილის დაბადებას, მაგრამ დედა დამძიმდა და გადავიყვანეთ რეანიმაციულ განყოფილებაში," - აღნიშნა სესილი ბუბუტეიშვილის დედამ თეა ლატარიამ.

"ეს იყო ექიმების უყურადღებობის ან უხარისხო საანესთეზიო საშუალების ბრალი. გამოძიება ორი მიმართულებით უნდა წავიდეს, არამხოლოდ მამაგეიშვილის მისამართით ვინც ანეზთეზია გაუკეთა, არამედ იმის წინააღმდეგაც, რა მედიკამენტი შემოდის ზოგადად," - განაცხადა სესილი ბუბუტეიშვილის დამ, თეო ბუბუტეიშვილმა.

გოგონას უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. კლინიკა სადაც მშობიარეს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, დღეს ოფიციალურ კომენტარს გააკეთებს.

 

 

დღის ამბები