22 დეკემბერი 2024,   14:00
ვრცლად
ვინ გახდება ცესკოს თავმჯდომარე - ორივე კანდიდატს პარლამენტის მხარდაჭერის იმედი აქვს

ვინ გახდება ცესკოს ახალი თავმჯდომარე - დეპუტატებმა არჩევანი გიორგი კალანდარიშვილსა და თენგიზ თევზაძეს შორის უნდა გააკეთონ.

პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრების კანდიდატების დასახელების შემდეგ პროცესი საკანონმდებლო ორგანოში ინაცვლებს. კანდიდატებს ბიუროს სხდომაზე დღეს წარადგენენ. დღესვე უნდა გახდეს ცნობილი, თუ როდის ჩატარდება მათთან გასაუბრება.

ბიუროს სხდომაზე კანდიდატების წარდგენის შემდეგ იგეგმება საკომიტეტო განხილვებიც. ორივე მათგანი ამბობს, რომ სწორედ საკომიტეტო განხილვებზე აპირებენ საკუთარ გეგმებზე საუბარს.

"საკომიტეტო მოსმენა არის ის შესაძლებლობა, სადაც გვექნება საშუალება, რომ დეპუტატებს წარვუდგინოთ ჩვენი ხედვა და გამოცდილება. 14 წლის განმავლობაში ჩემი საქმიანობა იყო დამოუკიდებელი და აბსოლუტურად ნეიტრალური და ეს კიდევ ერთხელ, ხაზგასმით დადასტურდა ჩემი თავმჯდომარეობის პერიოდში და იმ მიღწევებით და რეფორმებით, რომელიც ამ მოკლე დროში იქნა მიღწეული და განხორციელებული. ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეფასება - ამ ყველაფერმა ჰპოვა საკმაოდ დიდი და პოზიტიური გამოხმაურება საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში,"- აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.

თენგიზ თევზაძე კი ამბობს, რომ პარლამენტს აქვს შანსი აირჩიოს რეალურად ნეიტრალური და ამასთან, კომპეტენტური კანდიდატი ცესკოს თავმჯდომარედ მისი სახით. 

"მე მზად ვარ ჩემი 5 პუნქტიანი რეფორმა წარვუდგინო საქართველოს პარლამენტს და ყველა პოლიტიკურ პარტიას. პარლამენტს აქვს შანსი, დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, აირჩიოს მაღალი კონსენსუსით რეალურად ნეიტრალური თავმჯდომარე ცენტრალური საარჩევნო კომისიის. ჩემი გამოცდილება და კომპეტენცია, როგორც აკადემიური, სამეცნიერო და პრაქტიკულ ნაწილში ცხადყოფს, რომ მე ვიქნები ნეიტრალური და იმ რეფორმების გამტარებელი, რომელსაც წარვუდგენ პარლამენტს. ხვალინდელი დღე ეკუთვნის ტექნოლოგიებით, თავისუფალ გარემოში და პასუხისმგებლობით ჩატარებულ არჩევნებს,"-აცხადებს თენგიზ თევზაძე.

დღის ამბები