20 ნოემბერი 2024,   13:21
ვრცლად
ვიღაცას დაიჭერენ... ჩვენებსაც მოვუწოდებ, ჭკვიანად იყვნენ, ზედმეტად ნურავის ნუ დავიცავთ - ეპისკოპოსი იაკობი სასულიერო პირებს მიმართავს

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, დღეს ბოდბის მონასტერში ქადაგებისას სასულიერო და საერო პირებს მოუწოდა, რომ "ჭკვიანად იყვნენ" და ზედმეტად ნურავის დაცვას შეეცდებიან.

როგორც მეუფე იაკობმა განმარტა, შერიგება იცის მანაც, იცის პატრიარქმაც, თუმცა სხვები რომ საუბრობენ შერიგებაზე, ამ ხალხმა შერიგება არ იცის. მისივე თქმით, შერიგება სხვაგვარად ხდება. 

"ჩვენთან ძალით ვაჟკაცობა არავინ არ უნდა დაიწყოს. კარგად გაიხსენეთ, როდესაც ვიღაცები ვაჟკაცობდნენ როგორ გარბოდნენ მერე ქვეყნიდან, ქართველებმა უნდა ვისწავლოთ საქართველოზე ფიქრი. პატრიარქს რამდენი დამსახურება აქვს ერის წინაშე, პატრიარქის დასაცავად ქართველი ერი არასდროს არ გამოსულა.  ღმერთი იცავს პატრიარქს, ვინც არ უნდა დაესიოს - ყვავ-ყორნები იქნებოდნენ თუ ჩვენები იქნებიან, თუ გარედან, ვინ ვის რა უნდა დააკლოს. 

სასულიერო პირებსაც მოვუწოდებ და ერის ხალხსაც, ერთ კაცს და ორ კაცს ნუ გააყოლებენ. ვიღაცას დაიჭერენ. რამდენი პატიმარი გვყავს, 300 ათასზე მეტი მისჯილი გვყავდა, 24 ათასზე მეტი ციხეში იჯდა, 400 ათასამდე კაცი იყო გასამართლებული, მაშინ კარგი სასამართლო იყო და დღეს არის ცუდი?! თუ მაშინ არ ვარგოდა სასამართლო აბა რა ქვეყანა გვქონდა მაშინ აშენებული, უვარგისი სასამართლოს პირობებში სახელმწიფო სახელმწიფოა ?! ამიტომ გონიერება მოვიკრიბოთ, ნუ ვიტირებთ თუ დაგვიჭერენ.ნუ ვიტირებთ თუ დაგვიჭირეს.  

როგორ გგონიათ ტირილს დავიწყებ ან ხალხი რომ გამოდიოდა გამიშვითო, იმას ვიკადრებ, რომ გამიშვითო?! ხომ გეტყვით, რომ მიხედეთ თქვენს საქმეს, ქვეყანას მიხედეთ. უკრაინაზე რომ ფიქრობთ, მაშინ დაგიჯერებდით საქართველოზე რომ მანამდე გეფიქრათ, თორემ მათი ტკივილი ჩვენი ტკივილია. 

მაინცდამაინც 9 აპრილი უნდა მოხდეს, რომ ერთობა გვქონდეს?! გავერთიანდეთ მერე, მაშინ დავიჯერებ ვიღაცაზე ზრუნავ, თუნდაც ერთ ადამიანზე. ამდენი ქალია ციხეში იმათ არ სცხვენიათ გარეთ რომ დარბიან გამოუშვათ, გამოვუშვათო?! იმდენი ქალია, ჯერ ქალებზე იზრუნეთ, გამოვუშვათ, მერე დაგიჯერებთ, სხვებიც გამოვუშვათ. მე აბსოლუტურად ყველას გავუშვებდი ციხიდან. 

ჩვენებსაც მოვუწოდებ, ჭკვიანად იყვნენ, ზედმეტად ნურავის ნუ დავიცავთ. რაღაც პერიოდი მოვითმენთ, არავის არ ვეტყვით, მაგრამ მერე პასუხს შიგნით ჩვენც მოვთხოვთ ყველას. შერიგება პატრიარქმაც იცის და მეც. სხვები რომ ლაპარაკობენ თქვენ გგონიათ იციან რა არის შერიგება?! არ იციან რა არის შერიგება, შერიგება ხდება სხვანაირად. 

მე მჯერა, რომ აუცილებლად მოხდება შერიგება ისე, რომ ღირსებაშელახული არავინ დარჩება. დღეს ძალიან ბევრი ღირსებაშელახულად თვლის თავს, ეს უნდა ვიცოდეთ. თუ შენდობაა, სათხოვარი ყველამ ერთმანეთს უნდა ვთხოვოთ, ყველა ვართ დამნაშავეები, ვიღაცებს რაღაცის უფლება მივეცით, დროზე არ გავაჩერეთ, აკეთეს ისეთი რამე, რისი გაკეთებაც ადამიანისგან, ქართველი კაცისგან არ არის მიზანშეწონილი,"- აცხადებს ეპისკოპოსი იაკობი.

დღის ამბები