22 დეკემბერი 2024,   06:02
ვრცლად
PCR ტესტირება ყველაზე იაფად, კუსტარულად მოწყობილ ჯიხურში - არავინ იცის სად მიაქვთ ნიმუშები პუნქტიდან, რომელსაც ყოველ დღე უამრავი ადამიანი სტუმრობს

დღეს "რუსთავი 2-მა" რუსთავში კოვიდ-ტესტირების უნებართვო პუნქტი აღმოაჩინა.

ყველაზე იაფი ადგილი საქართველოში, სადაც PCR - 40 ლარი ღირს, სწრაფი ტესტი კი, 25 ლარი. ობიექტი ერთხელ დაჯარიმებულია, თუმცა საქმიანობას მაინც განაგრძობს.

უნებართვოდ ჩადგმული ჯიხური რუსთავის ცენტრში უკვე ერთი კვირაა მუშაობს და პაციენტებიც არ აკლია. რიგში დგანან ტურისტებიც, თუმცა არავინ იცის, სად და რომელ ლაბორატორიაში იგზავნება ნიმუშები.

ვინ არის პასუხისმგებელი, რომ აღებული სინჯები და შედეგები სანდოა? ეჭვებს აჩენს მეპატრონის პასუხიც, რომელსაც დღეს "კურიერი" ტელეფონით დაუკავშირდა.

საზოგადოებას კარგად ახსოვს ერთ-ერთ კლინიკაში ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინით აცრილი მოქალაქეები. ამჯერად საქმე გვაქვს უნებართვო ჯიხურთან, რომლის მეპატრონეც ამბობს, რომ ლაბორატორია, რომელთანაც ის თანამშრომლობს, კონფიდენციალურია.

ჯიხური სახელმწიფო მიწაზე უკანონოდ, მუნიციპალური მერიის ნებართვის გარეშე დგას. ობიექტმა შესაბამისი საქმიანობის დაწყების შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს, როგორც ირკვევა მხოლოდ გახსნის შემდეგ მიაწოდა. უწყებაში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ამბობენ, რომ საკითხის მოკვლევა დაწყებულია.

ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ადამიანები თვითნებურად, მათთვის სასურველ ადგილას კოვიდ ტესტირების ჯიხურებს ყველანაირი კანონის გვერდის ავლით დგამენ. მსგავსი შემთხვევა პანდემიის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე სხვა ქალაქშიც მოხდა, მათ შორის ერთხელ რუსთავშიც.

დღის ამბები