22 დეკემბერი 2024,   10:09
ვრცლად
"საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს ევალება ქვეყანა წარმოადგინოს საერთაშორისო ასპარეზზე" - ოპოზიცია პრეზიდენტის შესახებ

მმართველი გუნდის განცხადებებს, რომელიც სალომე ზურაბიშვილის საგარეო ვიზიტთან დაკავშირებით გაკეთდა, შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია, რადგან ვიზიტი უკავშირდებოდა პირად შეხვედრებს.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, თინათინ ბოკუჩავა ამბობს, რომ კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს ევალება ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინოს და ეს მისი კონსტიტუციური უფლებამოსილებაა.  

"საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს ევალება, რომ საქართველო წარმოადგინოს საერთაშორისო ასპარეზზე. ეს არის მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება და შესაბამისად, მისი ვიზიტების დაბლოკვა, რის შედეგადაც, მას მოუწია ვიზიტების გაუქმება და შემდეგ პერსონალური კონტაქტების ხარჯზე მხოლოდ პირადი ვიზიტების დაგეგმვა, არის სწორედაც პრეზიდენტის უფლებამოსილებაში არაკანონიერი, ანტიკონსტიტუციური ჩარევა," - ამბობს თინა ბოკუჩავა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ მმართველი გუნდის განცხადებები ადასტურებს, რომ "ქართული ოცნება" არ დგას ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. 

"განცხადებები, რომელიც "ქართული ოცნებისგან" მოვისმინეთ, რომ პრეზიდენტს უზღუდავს "ქართული ოცნება" იმ მნიშვნელოვანი ვიზიტების განხორციელებას, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ "ქართული ოცნება" არ დგას ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და ისინი მხოლოდ საკუთარი პარტიული დღის წესრიგით მოქმედებენ,“ - აცხადებს თეონა აქუბარდია.

განცხადება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.

"საქმე გვაქვს ოცნებისთვის ძალიან ტრადიციულ მოვლენასთან, როდესაც მას როგორც კი რომელიმე მისივე მხარდამჭერი, დანიშნული თუ არჩეული პირი განსხვავებულ აზრს დააფიქსირებს, უკვე აღარ მოსწონს, უკვე ადანაშაულებს მას ოპოზიციასთან თანამშრომლობაში, ათას უბედურებაში, მათ შორის კონსტიტუციის დარღვევაში,“ - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

 

 

დღის ამბები