23 დეკემბერი 2024,   09:38
ვრცლად
რა წერია ოპოზიციის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში, რომელსაც "ალდემ" მხარი დაუჭირა

ლიბერალ - დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების წამყვან პარტიებს აერთიანებს, მხარს უჭერს ტრიოს ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ალდემ ოპოზიციის ნაწილის მიერ მომზადებულ რეზოლუციას მხარი ყრილობაზე დუბლინში დაუჭირა. ქვეყანაში დაბრუნებულმა პარტიებმა დღეს ვიზიტი შეაჯამეს.

პარტიები, რომელთა ავტორობითაც შემუშავდა ტექსტი ამბობენ, რომ ალდეს მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან ეს ორგანიზაცია არის ყველაზე დიდი და აერთიანებს ევროკავშირის ქვეყნების წამყვან პარტიებს. შესაბამისად, იმ დროს, როდესაც საქართველო ელოდება ევროკავშირისგან პასუხს, ეს მნიშვნელოვანია.

ოპოზიციის წარმომადგენლები იმასაც ამბობენ, რომ ამ რეზოლუციამ გააქარწყლა ის ბრალდებები, რაც ხელისუფლებას ოპოზიციის მისამართით ჰქონდა, საქმე ეხება მმართველი გუნდის მოსაზრებას თითქოს და ოპოზიცია ქვეყანას ხელს უშლის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაში.

"ამ რეზოლუციის დამტკიცება არის დასტური, რომელსაც მხარი დაუჭირა ალდეს კონგრესის მონაწილეების უმრავლესობამ. ჩვენი მანდატის ფარგლებში, ოპოზიციური პარტიები ვაკეთებთ ყველაფერს. ეს რეზოლუცია არის დასტური, რომ ოპოზიცია მუშაობს იმისთვის, რომ ევროპელი პარტნიორები დავარწმუნოთ,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.

პარტია "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის თქმით,  ქართული ოცნება არ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩვენს ქვეყანას წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არიან ხელისუფლებაში.

"პროდასავლურმა ოპოზიციამ, რა თქმა უნდა, ჩვენს თავზე უნდა ავიღოთ ის პასუხისმგებლობა, რათა დავანახოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ მათ ჰყავთ პარტნიორები ჩვენს ქვეყანაში. ქართული ოცნება არ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩვენს ქვეყანას წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არიან ხელისუფლებაში,"- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე 

დღის ამბები