26 დეკემბერი 2024,   20:29
ვრცლად
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩოს მართლმსაჯულების შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს - მსაჯული გვარამიასთვის გამოტანილ განაჩენს იხსენებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის სკანდალური განცხადება, რომელიც შეერთებული შტატების დიპლომატიურ მისიას ეხება - ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის თქმით, გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, მას შეხვედრა ჰქონდა საელჩოს თანამშრომელთან, რომელიც საქართველოში შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით იმყოფება. ლაშა ჩხიკვაძე ამბობს, რომ სწორედ ამ შეხვედრის დროს გააფრთხილეს, რომ ის ამოღებულია ამერიკაში წამსვლელ მოსამართლეთა სიიდან.

მოსამართლე ჩხიკვაძე, ასევე, აცხადებს, რომ ახლა მსგავსი სახის ზეწოლა მის კოლეგებს უკვე სააპელაციო სასამართლოში ელოდებათ.

კელი დეგნანმა უკვე გააკეთა პირველი კომენტარი. "ნებისმიერი განცხადება, რომ მოხდა რაიმე ჩარევა, არ არის მართალი" - აცხადებს მისიის ხელმძღვანელი და ყველას ახსენებს, ვაშინგტონის წვლილს საქართველოში დამოუკიდებული და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების პროცესში.

წერილი ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლემ, დღეს, დაახლოებით, 12 საათისთვის ექსკლუზიურად "რუსთავი 2-ს" მიაწოდა. "კურიერისთვის" გადმოცემულ განცხადებაში ლაშა ჩხიკვაძე იმ შეხვედრაზე საუბრობდა, რომელიც საქალაქო სასამართლოს შენობაში მასსა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელს შორის შედგა. მოგვიანებით, მოსამართლემ სატელევიზიო კომენტარის დროს დეტალურად გაიხსენა აუდიენცია. განმარტა, რომ საელჩოს წარმომადგენელმა კევინ ბურკმა, რომელიც ამერიკაში, სავარაუდოდ, იუსტიციის დეპარტამენტის მიმართულებით მუშაობს, კითხვები გვარამიას საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დაუსვა. ამის შემდეგ, მოსამართლის თქმით, საელჩოს წარმომადგენელმა მას აცნობა, რომ ამერიკაში დაგეგმილ ტრენინგში მონაწილეობას 5 ქართველ მოსამართლესთან ერთად ვეღარ მიიღებდა. ლაშა ჩხიკვაძემ კითხვები კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნად აღიქვა.

მოსამართლე ჩხიკვაძეს მალევე მისი განხილული საქმის მთავარმა ფიგურანტმაც უპასუხა. ნიკა გვარამიამ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა და დაწერა, რომ სასამართლოში ე.წ. კლანის წინააღდეგ ბუნტია, რომლის სათავეშიც გვარამიას ინფორმაციით, ის მოსამართლეები არიან, ვინც შეერთებულ შტატებში ტრენინგზე ჩხიკვაძის ზეწოლის გამო ვერ წავიდნენ. სრულიად საპირისპიროს საუბრობენ "კურიერთან" მოსამართლეები. მათ დღეს ის მიზეზები დაასახელეს, რის გამოც ამერიკაში ტრენინგზე უარი თქვეს და კოლეგას, ლაშა ჩხიკვაძეს სოლიდარობა გამოუცხადეს.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მოსამართლე ჩხიკვაძემ თავსი წერილობით განცხადებაშიც და სატელევიზიო კომენტარშიც ისაუბრა, მაიკლ გალერის ეხება. ლაშა ჩხიკვაძე, გვარამიას საქმის განაჩენის შემდეგ, ევროპელი დეპუტატის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას იხსენებს და მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადება სასამართლოზე ზეწოლად აღიქმება. მისივე თქმით, მაიკლ გალერი სააპელაციოს მოსამართლეებს აშკარად მიუთითებს, რომ 19 ივლისს გვარამია გაამართლონ.

ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას მალევე გამოეხმაურნენ პოლიტიკურ ჯგუფებში. პირველი, ვინც მედიასთან გამოჩნდნენ, მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატები იყვნენ, რომლებმაც ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის გარშემო არსებულ ინფორმაციაზე კითხვით კელი დეგნანს ჯერ კიდევ გუშინ მიმართეს.

განსხვავებულად ფიქრობენ ოპოზიციურ პარტიებში, სადაც მიიჩნევენ, რომ საელჩოს წარმომადგენლის მხრიდან მოსამართლისთვის საქმეზე კითხვების დასმა უბრალოდ საკითხში გასარკვევი მცდელობაა, გარდა ამისა, ამბობენ, რომ ლაშა ჩხიკვაძის დღევანდელი განცხადება პოლიტიკურია, რომელიც მათი თქმით, მოსამართლეს დამოუკიდებლად არ გაუკეთებია.

საკითხს ეხმაურებიან "ქართულ ოცნებაშიც", სადაც ამბობენ, რომ მოსამართლის განცხადებაში მითითებული ფაქტები, როგორც ამერიკის საელჩოს წარმომადგენელის მხრიდან კონკრეტულ საქმეზე ანგარიშის მოთხოვნა, ასევე მაიკლ გალერის განცხადება, მართლმსაჯულების საქმიანობაში ჩარევაა.

ლაშა ჩხიკვაძემ გვარამიას საქმეზე გამოტანილი განაჩენის შემდეგ პირველი საჯარო განცხადება დღეს გააკეთა, ფაქტებზე საუბრის გარდა, მან პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა, თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისგან.

დღის ამბები