15 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
რა თქმა უნდა, დღეს სასამართლოს პოლიტიკა არ მართავს და ეს არის იმ რეფორმების რეზულტატი, რომელიც დღეს საქართველოში გვაქვს - მიხეილ სარჯველაძე 

სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი დღეს 3 საათის განმავლობაში მსჯელობდა ევროკავშირის რეკომენდაციების მე-3 პუნქტზე, რაც სასამართლოში არსებულ გამოწვევებს ეხება. რეკომენდაციის თანახმად, ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს გამჭვირვალე სასამართლო რეფორმის სტრატეგია და დაამტკიცოს სამოქმედო გეგმა. უნდა მომზადდეს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 21-კაციან ჯგუფში შედიან უმრავლესობა, ოპოზიციის ნაწილი, მართლმსაჯულების სისტემების, სამინისტროების წარმომადგენლები და არასამთავრობოები.

"ეს შეხვედრა გაგრძელდება და ალბათ უკვე დავიწყებთ მსჯელობას იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლიც დაკავშირებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესთან, რომელიც ასევე დაკავშირებულია მოსამართლეთა არჩევის წესთან, სასამართლოს გადატვირთულობასა და უამრავ სხვა საკითხთან. სასამართლოსთან დაკავშირებით, მე მთავარ გამოწვევად, ნდობა მიმაჩნია," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანი. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ დღეს სასამართლოს პოლიტიკა არ მართავს. 

"რა თქმა უნდა, დღეს სასამართლოს პოლიტიკა არ მართავს და ეს არის იმ რეფორმების რეზულტატი, რომელიც დღეს საქართველოში გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტების მხრიდან ხშირად გაისმის საწინააღმდეგო არგუმენტები ამ საკითხებზე, ვფიქრობ, საკმარისად დასაბუთებული არ არის ეს მსჯელობა. აუცილებელია კონსტრუქციული დამოკიდებულება, ყველას მოტივაცია და იმაზე ფიქრი, როგორ გავაუმჯობესოთ, საკანონმდებლო ჩარჩო იმ თვალსაზრისით, რომ იყოს გაცილებით მეტად შექმნილი მექანიზმები მოსამართლეთა დამოუკიდებლობისთვის და გარანტიები, რასაც მოქმედი კანონმდებლობაც ადგენს,"- აღნიშნავს  მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები