11 ოქტომბერი 2024,   23:05
ვრცლად
სტიქიის ზონად ქცეული ბორჯომის ხეობა და ტყის ხანძრის მე-8 დღე - როგორ მიმდინარეობს ცეცხლის დარჩენილი კერების ქრობის პროცესი

ქვაბისხევის ფერდობი - ე.წ. მესამე სექტორი. ბორჯომის ტყეში ხანძრის გაჩენის შემდეგ საგანგებო შტაბმა სტიქიის ზონა სწორედ სამ ზონად დაყო. ქვაბისხევის ფერდობი კი სწორედ მესამე და ყველაზე რთული არეალია. იქ ცოცხალი ძალა და სახმელეთო სახანძრო ტექნიკა ფიზიკურად ვერ აღწევს. შესაბამისად, დარჩენილი აქტიური კერების ჩაქრობა ავიაციის მუშაობაზეა დამოკიდებული. წინა დღეებისგან განსხვავებით, დღეს ქარი არ ყოფილა, შესაბამისად, მუშაობის ეფექტი თვალსაჩინოა და ფერდობზე დაკვამლიანებამაც იკლო.

რისკები თითქმის სრულად არის დაზღვეული პირველ და მეორე სექტორებში. მოცულობით ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლი იყო, მეხანძრეები ახლა დარჩენილი პასიური კერების ლიკვიდაციაზე მუშაობენ. ამ ეტაპზე მოხსნილია ხანძრის დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების რისკი. საფრთხე ოთხ სოფელს - დვირს, ქვაბისხევს, აწყურს და თისელს ემუქრებოდა.

სტიქია დასახლებული პუნქტების გარდა, ბორჯომის ხეობაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსაც მიუახლოვდა. ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ, მე-9 საუკუნის კვირიკე წმინდის ტაძარი იყო. ვრცელდებოდა ინფორმაცია მისი დაზიანების შესახებაც, თუმცა ეს ინფორმაცია დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სპეციალისტებმა არ დაადასტურეს. გავრცელდა კადრებიც, სადაც ცეცხლის კვალი არ ჩანს.

თითქმის 150 ჰექტარი, დაახლოებით მილიონნახევარი კვადრატული ტერიტორია ბორჯომის ტყის მასივში - გასული 8 დღის განმავლობაში ხანძარმა ამ მასშტაბს მიაღწია, შესაბამისად ზარალი დიდია. ქრობის პროცესში ჩართული ცოცხალი ძალა 1 200-ზე მეტია. მათ შორის სამაშველო სამსახურის და შს სამინისტროს სხვა დანაყოფების თანამშრომლები, თავდაცვის ძალების და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ავიაციის მიმართულებით სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებს რამდენიმე დღეა თურქეთიდან გამოგზავნილი სპეციალურად ხანძრის ქრობისთვის აღჭურვილი თვითმფრინავები ეხმარებიან.

დღის ამბები