"კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" მარტვილის ორგანიზაციის თავმჯდომარე დააკავეს.
ზაალ გოროზიას ცოლზე ძალადობას ედავებიან. "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, სამართალდამცველებს ზაალ გოროზიას მეუღლემ მიმართა. ძალადობაში, სავარაუდოდ, ბრალდებულის შვილიც მონაწილეობდა.
"კურიერის" ინფორმაციით, დანაშაული წუხელ, გვიან ღამით მოხდა. დაზარალებულ ქალს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. მომხდარზე გამოძიებას კი, შსს ოჯახში ძალადობის მუხლით აწარმოებს.
მომხდარს გამოეხმაურნენ "ნაციონალურ მოძრაობაში", სადაც ამბობენ, რომ გმობენ ნებისმიერი სახის ძალადობას და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ნებისმიერი მოძალადე უნდა დაისაჯოს, თუმცა ამასთან, ანა წითლიძე ირწმუნება, რომ გაუგებრობა მოხდა და ეს აუცილებლად გაირკვევა:
"მაქვს კონკრეტული ინფორაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, უბრალოდ ახლა არ ვისაუბრებ დეტალებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაუგებრობაა, რომელიც აუცილებლად გაირკვევა. შემიძლია დავადასტურო პირველწყაროებიდან და მე თვითონაც დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ეს იყო გაუგებრობა,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია" წევრი ანა წითლიძე.