ბათუმში მე-12 კლასის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შემთხვევა გუშინ ერთ-ერთი საჯარო სკოლის მიმდებარედ, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, კლასელებმა ტელეფონის დამტენის გამო იჩხუბეს.
დაპირისპირების დროს დაშავდა ერთი მოსწავლე, ის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, მდგომარეობა სტაბილურია. მეორე მოსწავლე და მშობლები კი პოლიციამ გამოკითხა. ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.
ბათუმის მერვე სკოლის დირექტორი, გივი ხალვაში ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, სისხლიან გარჩევას ადგილი არ ჰქონია.
"სისხლიანი გარჩევა არამგონია, იმიტომ, რომ ეს ბიჭი, რომელიც პოლიციაში წაიყვანეს, ჩვეულებრივ იყო, საუბრობდა. 12 წელია ერთად სწავლობენ. ველოდებით პოლიციის გადაწყვეტილებას, ამის შემდეგ ჩვენც მივიღებთ გადაწყვეტილებას. საქმეს გადავცემთ დისციპლინურ კომიტეტს და კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას," - ამბობს ხალვაში.
ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი გოჩა დავითაძე აცხადებს, რომ დაზარალებულ მოსწავლეს სახეზე მსუბუქი დაზიანება აქვს.
"ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთმა ბავშვმა მეორე ბავშვს და მსუბუქად დაზიანებულია სახის არეში. დაპირისპირების მიზეზი, როგორც სკოლის წარმომადგენლები აცხადებენ იყო მობილური ტელეფონის სატენი, ერთ-ერთმა მიაწოდა მეორე ბავშვს და აქედან რაღაც გაუგებრობა მოხდა ბავშვებს შორის. აქ ჩართული არიან სამართალდამცავი ორგანოები, ჩართულია სკოლის დირექცია და სკოლა მიიღებს შესაბამის ზომებს," - თქვა დავითაძემ.