19 წლის ბიჭმა 38 წლის ქალს ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში მიაყენა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ჭყონდიდელის დასახლებაში, შვილსა და დედას შორის დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკებას მოყვა, სწორედ კამათის დროს მიაყენა შვილმა დედას ჭრილობა სამზარეულოს დანით. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
"ახალგაზრდა ქალბატონი მოყვანილ იქნა მუცელში შემავალი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობით. აღენიშნებოდა მუცლის ღრუს ორგანოების დაზიანება. ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია, ამჟამად კი მისი მდგომარეობა შეეფარდება გადატანილ ტრავმას. მძიმე შოკის კლინიკა იყო, სისხლის დანაკარგი იყო დიდი, გაეწია შესაბამისი დახმარება და ახლა უკეთ არის, თუმცა რჩება მძიმე მდგომარეობა, რეანიმაციულ განყოფილებაშია ისევ პაციენტი," - განაცხადა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ დავით გოგოძემ.
რუსთავის პოლიციამ მომხდარ ფაქტზე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.