22 ნოემბერი 2024,   22:56
ვრცლად
ჰქონდათ თუ არა ძმებ კაკულიებს 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან კავშირი - "კურიერმა" საქმის ფიგურანტი ძმების დედის ჩვენება მოიპოვა

ჰქონდათ თუ არა დავით და გუგა კაკულიებს 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან კავშირი - საქმის ფიგურანტი ძმების დედა საჯაროდ დასმულ კითხვებს არ პასუხობს. ამ საკითხზე ეკა გოგლიძემ ჩვენებაში ისაუბრა, რომელიც "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა. კაკულიების დედა ადასტურებს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მსჯავრდებულის, გიორგი კავილაძის და მისი შვილების მეგობრობას.

ეკა გოგლიძე მედიაში გავრცელებულ ვერსიასაც გამორიცხავს, რომლის მიხედვით ძმებმა კაკულიებმა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა მამის გამო, შურისძიების მოტივით დაუკვეთეს.

ეს ჩვენება კაკულიების დედამ ძმების დაკავებამდე მისცა. ამის შემდეგ, დათა და გუგა კაკულიები არაყიშვილის ქუჩაზე სერგო ქურთიაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ნაქირავებ ბინაში აიყვანეს. კურიერმა მოიპოვა ჩატარებული ჩხრეკის ოქმიც, რომლის მიხედვით ძმების სახლიდან იარაღთან ერთად, კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე უკვე მსჯავრდებული ირაკლი ბიბილეიშვილის პირადობის მოწმობაც ამოიღეს.

როგორ აღმოჩნდა კაკულიების სახლში ნიკო კვარაცხელიას საქმის ფიგურანტის დოკუმენტი - ადვოკატი და პროკურორი დეტალებზე არ საუბრობენ. დღეს, სასამართლოში ძმებისთვის წარდგენილი ბრალდების საქმეზე მორიგი სხდომა ჩატარდა. ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ძმების წინააღმდეგ ჩვენება, მათ დაკავებაში მონაწილე დეტექტივმა მისცა.

ძმები უკვე წარდგენილ ბრალდებებთან ერთად, ნიკო კვარაცხელიას საქმესთან შემხებლობასაც უარყოფენ. დანაშაულთან მათ კავშირში დარწმუნებულია ნიკო კვარაცხელიას ოჯახი.

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეს უკვე სამი მსჯავრდებული ჰყავს - გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე, რომლებმაც 22 წლის ახალგაზრდა თბილისის ცენტრში მოკლეს. კიდევ ერთი მსჯავრდებული ირაკლი ბიბილეიშვილია. ის საპატიმროში სწორედ მკვლელების მფარველობის გამო აღმოჩნდა. გაფართოვდება თუ არა ბრალდებულთა წრე - პროკურორი არაფერს გამორიცხავს.

დადგება თუ არა დავით და გუგა კაკულიების პასუხისმგებლობის საკითხი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზეც - პასუხს მოკლულის ოჯახი გამოძიებისგან ელოდება. უკვე წარდგენილ ბრალდებებზე ძმების საქმის განხილვა 9 ნოემბერს გაგრძელდება.

დღის ამბები