პარლამენტი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის პროექტის განხილვას უბრუნდება. საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებულ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილავენ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, ოპოზიცია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი ვერ იქნება ერთ პიროვნებაზე მორგებული.
ამასთან, დავით მათიკაშვილი იმასაც ამბობს, რომ რადიკალური ჯგუფები ეწინააღმდეგებიან ამ კანონპროექტის მიღებას.
"ოპოზიცია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი ვერ იქნება ერთ პიროვნებაზე მორგებული, რაც მათ რეალურად სურდათ. როცა გაირკვა, რომ პოლიტიკას უკვე ძალიან დიდი ხნით ჩამოცილებული ადამიანის გარშემო ვერ შეიქმნება კანონი და იქ ვერ ჩაიწერება ერთი ადამიანის სახელი და გვარი. უნდა იყოს, ვრცელ ადამიანთა წრეზე გათვლილი. რადიკალური ჯგუფები ეწინააღმდეგებიან ამ კანონპროექტის მიღებას, თუმცა კანონპროექტის საჭიროება 12-პუნქტიანი გეგმიდან გამომდინარე არის ცალსახა,"-აცხადებს დავით მათიკაშვილი.
დეოლიგარქიზაციის პროექტი შემუშავებულია უკრაინის კანონის მაგალითზე და არსობრივად იმეორებს მას. ოპოზიციის წარმომადგენლები რედაქციას მხარს არ უჭერენ და განმარტავენ, რომ ის არ ასახავს ქართულ რეალობას.