22 ნოემბერი 2024,   08:12
ვრცლად
მადლობელი ვარ ქართული მხარის, ვინაიდან ეს საშინელი ტერორისტული აქტი აღკვეთეს - იციკ მოშე, რომლის მოკვლაც საქართველოში იგეგმებოდა, პირველ კომენტარს აკეთებს

ისრაელის მოქალაქე, რომლის მოკვლაც საქართველოში იგეგმებოდა, პირველ კომენტარს აკეთებს. საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე აცხადებს, რომ დაგეგმილი ლიკვიდაციის შესახებ, გამოძიების გასაჯაროებულ ინფორმაციამდე არაფერი არ იცოდა.

პირველადი ინფორმაცია დანაშაულის შესახებ მედიიდან გაიგო, რის მერეც ისრაელის პრეზიდენტიც დაუკავშირდა.

"ვარ უფრო დაცული, იდრე ვიყავი წინა კვირას. მე ძალიან მადლობელი ვარ ქართული მხარის, ვინაიდან ეს საშინელი ტერორისტული აქტი აღკვეთეს ჩემს წინააღმდეგ. მე არ მიგრძვნია ეს ყველაფერი, თორემ შევატყობინებდი, როგორც ქართულ მხარეს, ასევე ისრაელის მხარეს. 

მტრის მოტივაციას ძალიან ბევრი მიზეზი არ სჭირდება. ზოგადად ებრაელების მიმართ მსოფლიოში არის ძალიან დიდი ანტისემიტური აქცია, რომელიც წელიწადში 50%-ზე ზევით იზრდება. ამიტომ, ყველა ებრაელი ქვეყნის გარეთ არის საფრთხის ქვეშ,"- ამბობს საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე.

პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები დუმილის უფლებას იყენებენ.

"არანაირ ტერორისტულ დაჯგუფებასთან არ აქვთ მათ კავშირი და რა თქმა უნდა, ამიტომ ვერაფერს აღიარებენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ამბობენ, რომ საერთოდ არ იცნობენ ამ პაკისტანის მოქალაქეს, ასევე არ იცნობენ იმ ბიზნესმენს, რომელზეც არის საუბარი და არანაირი კავშირი არ გააჩნიათ მათთან," - აცხადებს ბრალდებულების ადვოკატი მუხრან ღურწკაია. 

საქმე საქართველოს სახელმიწფო უსაფრთხოების სამსახურმა გახსნა. დაკავებულია სამი პირი. ამ დრომდე უცნობია როდის დაუმძიმდებათ ბრალი მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაკავებულებს. ამ ეტაპზე მათ მხოლოდ იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა- შენახვაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები