26 დეკემბერი 2024,   21:09
ვრცლად
თქვენ ნახეთ რა ლექსიკით საუბრობდა დღეს ის პარლამენტში, ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო - ირაკლი კობახიძე გიორგი ვაშაძეზე

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლა მმართველ გუნდში შეაფასეს.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის ზოგიერთი დეპუტატის, მათ შორის, გიორგი ვაშაძის შეკითხვები სწორი ადრესატის მიმართ არ იყო დასმული და მათ კითხვები შეეხებოდა არა პრემიერის ადმინისტრაციას, არამედ პარლამენტის კომპეტენციას. 

"ძალიან მძიმე სანახავი იყო კითხვის ფორმა და კითხვის შინაარსი, იმაზე აღარ ვამბობ არაფერს, რომ კითხვა ეხება საპარლამენტო კომპეტენციებს და ამ კითხვის ადრესატი არის რატომღაც პრემიერი. მიუხედავად ამისა, პრემიერმა სათანადო პასუხი გასცა შეკითხვას. შეკითხვა ეხებოდა 12 პუნქტის შესრულებას. კიდევ ერთხელ განუმარტა პრემიერმა კითხვის ავტორს გიორგი ვაშაძეს, რომ ეს შეკითხვა ეკუთვნის პარლამენტს და არა მთავრობას, ელემენტარული რაღაც ასწავლა.

რაც შეეხება ზიზღის ენას, ეს იყო გამოყენებული თვითონ გიორგი ვაშაძის მხრიდან. თქვენ ნახეთ თუ რა ლექსიკით საუბრობდა დღეს ის პარლამენტში. ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო. როდესაც საუბარია 12 პუნქტზე, პირველი პუნქტი არის დეპოლარიზაცია, ამ დროს კი გიორგი ვაშაძე გამოდის ასეთი ლექსიკითა და ტერმინოლოგიით საქართველოს პარლამენტში, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ქართულო ოცნების" წევრი დავით მათიკაშვილის შეფასებით კი, "პრემიერმა ზუსტი შეფასებები მისცა იმ ფარისევლურ განცხადებებს, რომელიც გიორგი ვაშაძემ გააკეთა." მათიკაშვილის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლები "სარკეში ჩაახედა" და საზოგადოებას კარგად დაანახა, ვინ მოქმედებს მოღალატეობრივი გზით. 

დღის ამბები