23 ნოემბერი 2024,   07:45
ვრცლად
4 გასროლა, ერთი გარდაცვლილი და ერთი დაჭრილი - რა მოხდა პატარა ხარაგაულში, ვინ დააკავა პოლიციამ და რას ამბობს დაჭრილი, რომელიც ექიმებმა გადაარჩინეს

4 გასროლა, ერთი გარდაცვლილი და ერთი დაჭრილი. სოფელ პატარა ხარაგაულში გვიან ღამით სუფრაზე დაწყებული კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში უკვე ქუჩაში გადაიზარდა. ნუკრი თხელიძემ, რომელსაც პოლიცია ამ დრომდე ეძებს იარაღი ამოიღო, ჯერ გუჯა ბერიძეს ესროლა შემდეგ კი მის მეგობარ ირაკლი კიკნაძეს. სისხლიანი გარჩევის შემდეგ თხელიძე თანმხლებ პირთან ერთად, მანქანით ადგილიდან მიიმალა.

მძიმედ დაჭრილი გუჯა ბერიძე ავტომობილში თავად ჩაჯდა და სამედიცინო დაწესებულებამდე დროულად მისვლას ცდილობდა. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, 55 წლის მამაკაცს ძლიერი სისხლდენა დაეწყო და ის საკუთარ მანქანაში გარდაიცვალა. ცეცხსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები სასიკვდილო აღმოჩნდა. ბერიძეს დაზიანება ქვედა კიდურუზე და გულ-მკერდის არეში ჰქონდა.

დაჭრილია ბერიძის მეგობარიც. ირაკლი კიკნაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ფეხში ესროლეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა შეძლეს. სამედიცინო დახმარების შემდეგ პირველი კომენტარი კიკნაძემ "კურიერთან" გააკეთა. სისხლიანი გარჩევის მთავარი მოწმე, კონფლიქტის დაწყების მიზეზზე არ საუბრობს, თუმცა იხსენებს, რა მოხდა სროლამდე პატარა ხარაგაულში.

საგამოძიებო მოქმედებები პატარა ხარაგაულში ამ დრომდე გრძელდება. პოლიციამ მომხდარ ფაქტზე ერთი პირი უკვე დააკავა, ის ჯაბა სარალიძეა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორე მან წაიყვანა, საკუთარი ავტომობილით თხელიძე შემთხვევის ადგილიდან. სამართალდამცველებმა ის შეუტყობინებლობის ბრალდებით აიყვანეს. "კურიერთან" საუბრისას, დაკავებულის მამამ არ გამორიცხა, რომ მისი შვილი იარაღის მუქარით აიძულეს დანაშაული ჩაედინა.

ნუკრი თხელიძე წლებია ხარაგაულში ცხოვრობს, თუმცა ახლა მის სახლში არავინაა. მეზობლებს უკვე ორი დღეა არც ის და არც მისი ოჯახის წევრები აღარ უნახავთ.

პატარა ხარაგაულში მომხდარ მკვლელობის და დაჭრის ფაქტზე, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები