24 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
"საქართველომ საკუთარ თავზე გამოსცადა ომი და კარგად ესმის ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების ფასი" - ევროკავშირის ელჩი

საქართველოსთვის 20 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ ფინანსური პაკეტი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას დაეხმარება.

 პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან 20 მლნ ევროს ღირებულების დახმარების ახალი პაკეტი ახლახან დამტკიცდა ბრიუსელში. 

"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულმა ომმა უკიდურესად სერიოზული გავლენა მოახდინა ევროპისა და რეგიონის სტაბილურობაზე. საქართველომ საკუთარ თავზე გამოსცადა ომი და კარგად ესმის ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების ფასი. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მედეგობას ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებით, სტაბილურობითა და მდგრადობით თავდაცვის სფეროში, მათ შორის ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის საშუალებით. ევროკავშირის მხრიდან 20 მლნ ევროს ღირებულების დახმარების ახალი პაკეტი ახლახან დამტკიცდა ბრიუსელში. ეს დაეხმარება საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას და მოხმარდება სამხედრო-სამედიცინო, საინჟინრო, მობილობისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებებს რელევანტური, არალეტალური შეიარაღების მიწოდებით, მარაგებითა და მომსახურებით, ასევე ტრენინგებისთვის საჭირო აღჭურვილობას“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ევროკავშირს ფინანსური დახმარების გამოყოფისთვის მადლობას უხდის.

“მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირს ამ კონკრეტული დახმარებისთვის, რაც დაუმტკიცდა საქართველოს თავადაცვის სამინისტროს. მოგეხსენებათ, რომ შარშან იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც ევროკავშირმა გამოუყო დაახლოებით 12 მილიონი ევრო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. წელს ჩვენ მივიღეთ ასევე ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს 20 მილიონი ევროს მოცულობის დახმარებას. აღნიშნული დახმარება იქნება გამოყენებული ლოჯისტიკური საშუალებების გაძლიერებისთვის,“ - აცხადებს ჯუანშერ ბურჭულაძე.

 

 

დღის ამბები