26 დეკემბერი 2024,   18:03
ვრცლად
ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ზელენსკის თხოვნა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის თუ კრემლიდან წამოსული დირექტივა - ნიკა მელია

ვოლოდიმერ ზელენსკის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე შეფასებები გრძელდება თბილისში. ოპოზიციის ნაწილი ზელენსკის მოთხოვნას იზიარებს. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელი უფრო მნიშვნელოვანია მისთვის, ზელენსკის თხოვნა თუ რუსეთის დირექტივა.

"საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - თავისუფლებისათვის საერთო მტერთან მებრძოლი პრეზიდენტი ზელენსკის თხოვნა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის, თუ კრემლიდან, ბოროტების ამ სავანიდან წამოსული დირექტივა. ახლა ეს განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გადაწყვეტილებით. თუმცა, არჩევანი არის არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის. სულ მალე გადამწყვეტი იქნება თითოეული ადამიანის სწორი სამოქალაქო და პრინციპული პოზიცია," - აცხადებს ნიკა მელია.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის საქმეში უკრაინის პრეზიდენტის ჩართულობას მიესალმება. 

"მივესალმები ვოლოდიმერ ზელენსკის ჩართულობას ამ საკითხში. მე მესმის რაოდენ მძიმეა მისთვის იმ დროს, როცა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს უკრაინის ტერიტორიაზე, რამდენად რთულია მიხეილ სააკაშვილზე კონცენტრაცია, მაგრამ მადლობა მას, რომ ამ თემასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ ეს თემა რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანით. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, მათი განცხადებები ყოველთვის არის მარტივად რომ ვთქვათ, არა ადამიანობის მახასიათებელი," - ამბობს გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები