05 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
ახალი წლის დღეების მიუხედავად, საოკუპაციო ძალა იერიშს არ წყვეტს- ოკუპანტებმა სუმის ოლქი 110-ჯერ დაბომბეს 

ახალი წლის დღეების მიუხედავად, საოკუპაციო ძალა იერიშს არ წყვეტს. გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ირანული წარმოების 39 კამიკაძე-დრონი ჩამოაგდეს. განადგურებულია ასევე, რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა. თუმცა, მათი ნაწილი სამიზნეს მაინც მოხვდა. კიევში აფეთქებების შედეგად დაზიანებულია ენერგოობიექტები. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ელექტროენერგია შეფერხებებით მიეწოდება.

110-ჯერ გაისროლა ოკუპანტებმა სუმის ოლქის მისამართით. საარტილერიო იერიშს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მძიმედ დაშავდა 7 მოქალაქე. კერძო სახლების გარდა, დაზიანდა საავადმყოფო, საბავშვო ბაღის შენობა, მაღაზია და აფთიაქი. ერთი ჭურვი აფეთქდა ავტობუსის გაჩერებაზე.

რუსულმა არმიამ დაბომბა ბავშვთა საავადმყოფო ხერსონში. იერიშის შედეგად მძიმედ დაშავდა 5 მშვიდობიანი მოქალაქე. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ ვრცელდება. რამდენიმე ჭურვი აფეთქდა ბენზინგასამართ სადგურზე. დაიწვა 10-მდე ავტომობილი, დაზიანდა ახლოს მდებარე კომერციული ობიექტები.

ოკუპანტის ძალისხმევის მიუხედავად, უკრაინელი სამხედროები დაკავებული პოზიციების დათმობას არ აპირებენ. ქვეყნის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო 24 საათში 720 რუსი სამხედრო გაანეიტრალეს. აფეთქებულია აგრესორის საზენიტო-სარაკეტო-კომპლექსები, მძიმე ტექნიკა და ბრონირებული ავტომობილები.

ღამის განმავლობაში მასშტაბური იერიში განხორციელდა ოკუპირებული მაკეევკის მიმართულებით. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა წერტილოვანი დარტყმები რუსული არმიის ყაზარმაზე მიიტანეს. იქ, სადაც ახალწვეულები იმყოფებოდნენ. დაიღუპა სულ მცირე 400 ოკუპანტი.


დღის ამბები