ძმებმა კაკულიებმა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დუმილი დაარღვიეს. ვიდრე ბადრაგი დარბაზიდან გაიყვანდა, რეპლიკის სახით მათ განცხადება გააკეთეს. ბრალდებულებმა ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარ სასტიკი დანაშაულთან კავშირი უარყვეს.
ძმები კაკულიების მიმართვას ნიკო კვარაცხელიას დედამ უპასუხა. იზა ომაძე დარწმუნებულია, რომ სასტიკი დანაშაულის შემკვეთები უახლოეს მომავალში დასახელდებიან, შემსრულებლები კი კანონის წინაშე აგებენ პასუხს.
ძმებმა კაკულიებმა დღეს დანაშაულებრივი კავშირი არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმასთანაც უარყვეს და თქვეს, რომ სერგო ქურთიაშვილისთვის მათ არ უსვრიათ.
უმცროსმა კაკულიამ რეპლიკით პროკურორს უპასუხა, რომელმაც განსასჯელის სკამზე მსხდომებს ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ზვიად შარაძე - მხარეები და ბრალდებულები ვერდიქტის მოლოდინში არიან. ძმები კაკულიების ადვოკატები ამბობენ, რომ სერგი ქურთიაშვილის და გიორგი კაჭკაჭაშვილის ჩვენებებმა. არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან კაკულიების კავშირი გამორიცხა.
ყველა ეპიზოდში გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება პროკურატურა. "კურიერთან" საუბრისას ბრალდების მხარემ კიდევ ერთხელ ისაუბრა მოპოვებულ და სასამართლოზე წარდგენილ მტკიცებულებებზე.
გურამ და დათო კაკულიების წინააღმდეგ გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს. ძმები, სამართალდამცველებმა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, საზღვრის უკანონო კვეთის და ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ნაქირავებ ბინაში დააკავეს. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღე რჩება, მანამდე კი 6 თებერვალს დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის.