22 დეკემბერი 2024,   20:28
ვრცლად
"ამერიკული კანონი არ არის თავსებადი ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, გამომდინარე აქედან ამ კანონის ასლის მიღება საქართველოში იქნებოდა აბსოლუტურად მიუღებელი" - ირაკლი კობახიძე

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ინიცირების საკითხს პარლამენტის ბიურო განიხილავს. სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს, იქამდე გაკეთდა პოლიტიკური შეფასებები.

აღნიშნულ პროექტზე "ქართულ ოცნებას" პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება. 

"ჩვენ გვექნება კონსულტაციები, შევხვდებით "ხალხის ძალის" წარმომადგენლებს. ასევე უმრავლესობის ფორმატში გვექნება კონსულტაციები და უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ჩამოყალიბდება ჩვენი პოზიცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით.

პირველად სურათს რაც შეეხება ჩვენ წინასწარაც გვქონდა გარკვეული კონსულტაციები. მაგალითად, თავის დროზე "ხალხის ძალის" წარმომადგენლებმა დააკოპირეს ამერიკული კანონი და ჩვენ გვკითხეს რჩევა, რამდენად შესაძლებელი იქნებოდა ასეთი კანონის მიღება საქართველოში.

რაზეც ჩვენ გვქონდა პრინციპული პოზიცია, ამერიკული კანონი არ არის რეალურად თავსებადი ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. გამომდინარე აქედან ამ კანონის ასლის მიღება, საქართველოში იქნებოდა აბსოლუტურად მიუღებელი. შესაბამისად მათ ჩამოაყალიბეს ისეთი კანონპროექტი, რომელიც არის არა ამერიკული ასლი, არამედ არის მისი მოდიფიცირებული ვერსია.

არსებითად რაც არის წარმოდგენილი კანონპროექტში ის ეხება გამჭვირვალობას, რადგან შესაბამისი ორგანიზაციების გამჭვირვალობის წესს. გამჭვირვალობაში ბუნებრივია პრობლემას ვერავინ ვერ დაინახავს, რომც მოუნდეს პრობლემის დანახვა. დანარჩენ დეტალებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ მსჯელობა გვექნება," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები