06 ნოემბერი 2024,   01:21
ვრცლად
აქციაზე 66 პირი დააკავეს, საქმე 2 მუხლით არის აღძრული - შსს განცხადებას ავრცელებს

სამართალდამცველებმა აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო.

"სამართალდამცველებმა აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს. აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტები კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება სასამართლოს.

სამინისტროს მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა ყველა პირის ქმედებას, რომლებმაც ხელი შეუწყეს და ორგანიზება გაუწიეს მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივ ქმედებაში გადაზრდას.

გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებული იყვნენ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და საპროტესტო აქციის მშვიდობიანად ჩატარებას უზრუნველყოფდნენ.

მოგვიანებით, შეკრებილთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და ძალადობრივი ხასიათი მიიღო.

პარლამენტის შენობასთან შეკრებილებმა სცადეს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება, რის საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არაერთი მოწოდებისა დაეცვათ წესრიგი, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით, კანონის ფარგლებში გამოეხატათ, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს.

პოლიციამ, დაძაბულობის განმუხტვის და სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, გზა გახსნა და აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა. მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით გამიზნულად ისროდნენ სხვადასხვა საგნებს - ქვებს, აალებად საშუალებებს, ბლაგვ საგნებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელებს. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს და ცეცხლი წაუკიდეს სამინისტროს კუთვნილ ავტომობილებს, დააზიანეს პოლიციის სპეციალური აღჭურვილობა.

პოლიცია იძულებული გახდა, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენისა და სამართალდარღვევების აღსაკვეთად, შესაბამისი გაფრთხილების შემდგომ საჭიროების შესაბამისად, თანმიმდევრულად გამოეყენებინა პროპორციული ძალა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალებები.

მოგვიანებით შეკრებილებმა დაიწყეს პარლამენტის შენობაზე ორგანიზებული თავდასხმა, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ და პიროტექნიკის სროლა, მათ შორის, სამართალდამცველების მიმართულებით.

აქციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს, ესროლეს ქვები, ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს რკინის დამცავი ჯებირები.

აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან ადგილი ჰქონდა მართლწესრიგის მასობრივ დარღვევას, რაც რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად გრძელდებოდა.

შეკრებილთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს დაჭირდა ქირურგიული ჩარევა და ამ დრომდე რჩებიან სამედიცინო დაწესებულებებში. აქციის მიმდინარეობისას, დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმაც.

სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მისცემს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას," - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები