ევროპარლამენტში, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ დებატები გაიმართა. თემაზე საკუთარი მოსაზრება საერთო ჯამში 30-მდე მომხსენებელმა დააფიქსირა. ევროპარლამენტარებმა ღიად დააფიქსირეს, რომ ქართველების მომავალი ევროკავშირშია და საქართველომ ევროკომისიის მიერ დასახულ პრიორიტეტებსა და რეფორმებზე მუშაობა უნდა განაგრძოს.
საუბარი იყო მიხეილ სააკაშვილზეც. ითქვა, რომ მსჯავრდებული პრეზიდენტის უფლებები სრულად დაცვა საქართველოს ხელისუფლების სამართლებრივი პასუხისმგებლობაა.
ევროპარლამენტის წევრმა, ანა ფოტიგამ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა საქართველოს მომავლის გაუარესებას ნიშნავს.
"უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა ნიშნავს გეოპოლიტიკურ ცვლილებას ჩვენს სამეზობლოში. ქართველ ხალხს ეს ძალიან კარგად ესმის. ეს არის გარდამტეხი მომენტი ყველა ჩვენგანისთვის რეგიონში. ამიტომ, მე პატივს ვცემ მათ გამბედაობას, რომლებმაც გააპროტესტეს უცხოელი აგენტების შესახებ ეს საშინელი კანონი. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხაილ სააკაშვილის ციხეში პუტინის მძევლად ყოლა ნიშნავს საქართველოს მომავლის გაუარესებას. იმედია, საქართველოს მთავრობა ამას ისევე გაიგებს, როგორც ხალხის საპროტესტო აქციებს თბილისში და სხვაგან,” – აცხადებს ანა ფოტიგა.
განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის წევრმა, მიკ ველასმა.
"მთელი საშუალო კლასი ახლა არასამთავრობო სექტორზე და უცხოურ დაფინანსებაზეა დამოკიდებული. თავდაპირველი აღშფოთება ამ კანონის გამო ხალხის შემოსავლის საფრთხეში ჩავარდნამ გამოიწვია და არა პრო დასავლელობამ, პრო რუსობამ ან ანტირუსობამ თუ ანტი დასავლელობამ. არასამთავრობო სექტორი გაერთიანდა და ბრალი დასდო სახელმწიფოს ბნელში შემობრუნებასა და იმ კანონების გადახედვაში, რომელიც არის რუსეთში, ავსტრალიაში, აშშ-ში 1938 წლიდან და შესაძლოა მალე ევროკავშირში შემოვიდეს. ის, რომ ჩვენ ვნახეთ ამ კანონის დაგმობა ევროკავშირის და სხვების მხრიდან, რომლებიც ან იღებენ ან სიამოვნებით განახორციელებენ მსგავს ზომებს, არის ფარისევლობის სიმაღლე. ის, რომ ეს იქნა გამოყენებული საქართველოში დაძაბულობის გასაღვივებლად, რამაც შესაძლოა განაახლოს გაყინული კონფლიქტი მის საზღვრებზე, ძალიან სამწუხარო ფაქტია,” - ამბობს ევროპარლამენტის წევრი, მიკ ველას.
ევროპარლამენტის წევრი, სტანისლავ ბრუდინსკი აცხადებს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი უნდა შეჩერებულიყო.
"ჩვენი პროცედურების წესები არ გვიცავს არაგონივრული განცხადებებისგან, მაგალითად, საკუთარი ხელისუფლების ან საკუთარი ხალხის შესახებ. ეს კანონი უნდა შეჩერდეს და ის ამოიღეს კიდეც. მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს, რომ შეჩერდა რუსეთის გავლენა საქართველოში? 2008 წელს საქართველოს თავს დაესხა რუსეთი და დღეს ქართველი პოლიტიკოსები ასრულებენ რუსულ პოლიტიკას. თქვენ არ შეგიძლიათ ევროკავშირში ყოფნა , თუ თქვენს პრეზიდენტს პატიმრობაში ამყოფებთ," - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა.