21 ნოემბერი 2024,   19:01
ვრცლად
პაკისტანელი კილერის პირველი გამოჩენა ტელეკამერებთან - ამირ ხანი, რომელიც საქართველოში იციკ მოშეს ლიკვიდაციის მისიით ჩამოვიდა, სასამართლოში გაძლიერებული დაცვით მიიყვანეს

პაკისტანელი კილერის პირველი გამოჩენა ტელეკამერებთან - ამირ ხანი, რომელიც საქართველოში გავლენიანი ებრაელი ბიზნესმენის, იციკ მოშეს ლიკვიდაციის მისიით ჩამოვიდა, საქალაქო სასამართლოში გაძლიერებული დაცვით მოიყვანეს. პაკისტანის მოქალაქეს პროცესზე არაფერი უთქვამს. ადვოკატები კილერის და მასთან ერთად სხვა ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. ამ ეტაპზე, ამირ ხანს და სხვებს ბრალი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა შენახვისთვის ედებათ, თუმცა ბრალს მხოლოდ ამირ ხანი აღიარებს. მას მოუწევს ჩვენება მისცეს იციკ მოშეს მკვლელობის მომზადების საქმეზეც.

იციკ მოშეს ლიკვიდაციის გეგმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასული წლის ნოემბერში აღკვეთა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ტერორისტულ ორგანიზაცია ალქაიდას წევრი, პაკისტანის მოქალაქე თბილისში ირანელმა დამკვეთმა გამოუშვა. ამირ ხანი ვაშლიჯვარში, ამ სახლში დაბინავდა და იციკ მოშეს გადაადგილების მარშრუტს სწავლობდა. გაირკვა, რომ მას იარაღით საქართველოსა და ირანის ორმაგი მოქალაქეები მოჰსენ რაფი მიანდაშთი და ფარჰად ფაშაი უზრუნველყოფდნენ, რომლებიც სუს-მა სპეცოპერაციით თბილისში აიყვანა. მკვლელობის მზადებასთან და კილერთან კავშირს ორივე მათგანი უარყოფს.

საქართველოში, გავლენიანი ბიზნესმენის ლიკვიდაციის გეგმის აღკვეთას ისრაელის მედია არაერთხელ გამოეხმაურა. ცნობილია, რომ მკვლელობის დაკვეთა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის ყუდსის ძალებიდან მოდიოდა, რომლებიც მანამდე ამერიკის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის ლიკვიდაციასაც გეგმავდნენ.

დღეს დუმილს არჩევს, თუმცა პაკისტანელმა კილერმა დაკავების შემდეგ ჩვენებაში აღიარა, რომ თბილისში, იციკ მოშეს მკვლელობის გეგმით ჩამოვიდა.

კილერის და მისი მოკავშირეების სტატუსით დაკავებულების სასამართლო სხდომა 18 მაისს განახლდება. ცალკე წარმოებად მიმდინარე ძიება კი დაადგენს, ჰყავდა თუ არა საქართველოში მკვლელობის მისიით ჩამოსულ ამირ ხანის სხვა მოკავშირეებიც. ამ საქმეზე არ არის გამორიცხული დაკავებულებს ბრალი დაუმძიმდეთ.

დღის ამბები