06 ოქტომბერი 2024,   17:48
ვრცლად
ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ ამახინჯებენ სიმართლეს, თუმცა არ მიკვრის მავნებელი და ეროვნული ინტერესების მოღალატე ძალებისგან და მათ მიერ დაქირავებული კორუმპირებული ლობისტებისგან - ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში გაკეთებულ განცხადებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ბრატისლავაში გამართულ ერთ-ერთ პანეტლზე გაკეთებულგანცხადებაზე კომენტარი დღეს მედიასთან გააკეთა. შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილს კონფერენციაზე მოდერატორმა კითხვა დაუსვა, თუ რა არის მისი აზრით უკრაინაში ომის დაწყების მიზეზი, რაზეც პრემიერმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მიზეზი არის უკრაინის სურვილი, გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა.

როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ის კრიტიკა რაც მის განცხადებას მოყვა, არის კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ ამახინჯებენ სიმართლეს. 

"ეს ჩემთვის იმდენად არასერიოზული იყო, ეს შეკითხვა რომ არ დაგესვათ, მე ალბათ ამაზე არ გავაკეთებდი კომენტარს სხვაგან ჩემი ინიციატივით, მაგრამ რადგანაც მკითხეთ, მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო. მე ახალი არაფერი არ მითქვამს, ამას იმეორებდნენ და ამბობდნენ მათ შორის ჩვენი ომის შემდეგაც, თუ კარგად ნახავთ ყოფილი და მოქმედი ლიდერების გამონათქვამებს, მეორე თუ მესამე დღეს ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა, ბრატისლავაში, იგივე დარბაზში თუ არ ვცდები, მანაც სხვა ფორმულირებით, უბრალოდ სიტყვა ნატო-ს მაგივრად თქვა ევროპული ოჯახი და თქვა, რომ ევროპულის არჩევანის გამო მოხდა თურმე ეს ომი. მე ვთქვი, რომ უკრაინის სურვილის გამო და ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ასე რომ ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ ამახინჯებენ სიმართლეს. აქ ახალი არაფერი არ თქმულა. მე რა თქმა უნდა, ნატო კი არ დავადანაშაულე ომის დაწყებაში, ეს აბსურდია, ამაზე როგორ შეიძლება სერიოზულმა ადამიანმა სერიოზული კომენტარი გააკეთოს.

მთავარი მინდა ვთქვა, ასეთ ვითარებაში, როცა ჩვენი ქვეყანა არის თავად ოკუპირებული, თავისი გამოწვევები აქვს და გაცხადებული მიზანი აქვს, რომ გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი, ამ დროს რომ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ასეთი არასერიოზული ბრალდებებით ასაჩუქრებენ, რა თქმა უნდა, არის ძალიან სამწუხარო. თუმცა მე არ მიკვრის, ეს ძალიან მავნებელი და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატე და ინტერესების წინააღმდეგ მებრძოლი ძალებისგან და მათ მიერ დაქირავებული კორუმპირებული ლობისტებისგან, მე არაფერი არ მიკვირს, არც მაინტერესებს სიმართლე გითხრათ. მე მაინტერესებს ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ინტერესები და ჩვენი ხალხის ინტერესები. 

მიუღებელია ნებისმიერი კრიტიკა იმ ძალისგან, რომელმაც ომი ვერ აიცილა, რომელმაც დაკარგა ტერიტორიები, რომელმაც ჩააბარა რუსეთს ჩვენი ტერიტორიები, შემოიყვანა ჯარი და დააკანონა ოკუპაცია. ამის შემდეგ გადასცა რუსულ კომპანიებს სახელმწიფო კრიტიკული ინფრასტრუქტურა, გაუხსნა უვიზო რეჟიმი და ათასი პრივილეგიები მიანიჭა. ამ ძალასთან, რომელმაც უღალატა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მე რა თქმა უნდა, არავითარი დიალოგი არ მექნება და მათი მხრიდან ნებისმიერი კრიტიკა არის აბსოლუტურად მიუღებელი," - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

 
დღის ამბები