დღეს, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო არ ყოფილა სანქციების გვერდის ავლის ადგილი, არც არის და არც მომავალში იქნება, ვიდრე ჩვენი ხელისუფლება არის პასუხისმგებელი,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
როგორც თალაკვაძე განმარტავს, სანქციების საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენლებმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან საიმედოდ აკონტროლებს ვითარებას.
"როგორც კი ჩამოვიდნენ ჩვენი პარტნიორები თბილისში, მაშინვე ვთქვით, რომ ოპოზიცია, როგორც სჩვევიათ, შეეცდება პოლიტიკური სკანდალის შექმნას. მათ მოატყუეს საზოგადოებას, რომ თითქოს ხელისუფლებამ დაარღვია სანქციების რეჟიმი და თითქოს აქედან მარაგდება რუსეთის ფედერაცია ტანკებით და სამხედრო თვითმფრინავებით და ამისთვის ჩამოვიდნენო. ერთი დღე არ იყო გასული, როდესაც დღის ბოლოს უკვე გამოჩნდა, რომ სანქციებთან დაკავშირებით იყო საქმიანი შეხვედრა. ევროკავშირმა ახალი სანქციების პაკეტი შეიმუშავა და ყველა პარტნიორ ქვეყანასთან განიხილავს სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებს.
ამას, შემდეგ უკვე მოჰყვა ოფიციალური განცხადებები, სადაც პირდაპირ თქვეს ჩვენმა სტუმრებმა, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი სამუშაო გაწეული და საქართველოს ხელისუფლებას აქვს შექმნილი ეფექტური სისტემა ტვირთების კონტროლისთვის. მათ პირდაპირ თქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან საიმედოდ აკონტროლებს ვითარებას. თავხედობა და შეურაცხყოფაა პარტნიორების მიმართ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ბრიტანეთის უმაღლესი თანამდებობის პირებზე ამბობენ, რომ ბრიფინგზე რასაც ამბობენ იტყუებიანო და სინამდვილეში სხვას ფიქრობენო - ეს ხომ არასერიოზულია.
ეს უბრალოდ, რომ თარგმნოთ და იმ ადამიანებს გაუგზავნოთ დარწმუნებული ვარ, რომ შეურაცხყოფილები დარჩებიან. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო არ ყოფილა სანქციების გვერდის ავლის ადგილი , არც არის და არც მომავალში იქნება, ვიდრე ჩვენი ხელისუფლება არის პასუხისმგებელი. ხოლო მომავალ წელს, უკვე არის საპარლამენტო არჩევნები და ჩვენ მზად ვართ მომავალზე ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.